საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძეის განცხადებით „ისფედი“ ბრალს სდებდა „ქართულ ოცნებას“ 46 000 ხმის გაყალბებაში, აშშ-ის საელჩომ ამას უწოდა უმნიშვნელო ხარვეზი, ეს არ იყო უმნიშვნელო ხარვეზი, ეს იყო უხეში ბრალდება
„ამერიკული დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია გვაბრალებდა არჩევნების გაყალბებას 46 000 ხმით და ეს იქცა მთავარ საბაბად ოპოზიციისთვის, რომ ეცადათ ხელისუფლების შეცვლა ხალხის ნების წინააღმდეგ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ამას საელჩო უწოდებს უმნიშვნელო შეცდომას“.
ირაკლი კობახიძეს ასევე ისაუბრა საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ქარდებთან დაკავშირებით, რომელზეც თქვა, რომ ეს ქარდები არის ცოტა გაუგებარი.
„მე ამასთან დაკავშირებით ძალიან ღრმა კომენტარს არ გავაკეთებ. სამწუხარო ის არის, რომ გუშინდელი, გუშინწინდელი ქარდები შეიცავდა არასწორ ინფორმაციას, არასწორ ბრალდებებს. ეს ძალიან სამწუხაროა. დღევანდელი ქარდიც იყო აბსოლუტურად გაუგებარი, თუმცა ეს არის საელჩოს საქმე. მე ვთხოვდი ქალბატონ ელჩს, რომელიც ზოგადად რაციონალურად უყურებს ხოლმე მოვლენებს, რომ უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში, მათ შორის იმ თანამშრომლების საქმიანობაში, რომლებიც ასეთ ქარდებს ამზადებენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც საელჩოს თანამშრომლები ამზადებენ სიცრუის შემცველ ქარდებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საელჩომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა „პივიტისა“ (PVT) და ცესკო-ს შედეგებს შორის ცდომილების პროცენტთან დაკავშირებით.
„დეტალურად განვმარტე, რაც, მაგალითად, შეეხებოდა „პივიტის“ გაყალბებას. საელჩომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, თითქოს ცდომილება „პივიტისა“ და ცესკო-ს შედეგებს შორის იყო მხოლოდ 1.8, როდესაც სინამდვილეში იყო 2.4 პროცენტი. მეორე მანიპულაცია მდგომარეობდა იმაში, რომ სინამდვილეში ამ 2.4 პროცენტით რეალურად „ისფედი“ (ISFED) ბრალს სდებდა „ქართულ ოცნებას“ 46 000 ხმის გაყალბებაში და საელჩომ ამას უწოდა რაღაც უმნიშვნელო ხარვეზი. ეს არ იყო უმნიშვნელო ხარვეზი. შეგახსენებთ, რომ ეს იყო უხეში ბრალდება. ჩვენ გვაბრალებდა ამერიკული დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია არჩევნების გაყალბებას 46 000 ხმით და ეს იქცა მთავარ საბაბად ოპოზიციისთვის, რომ ეცადათ ხელისუფლების შეცვლა ხალხის ნების წინააღმდეგ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ამას საელჩო უწოდებს უმნიშვნელო შეცდომას. ეს, რა თქმა უნდა, სიცრუეა და მე კიდევ ერთხელ ვთხოვდი ქალბატონ ელჩს, ჩვენ საჯაროდ ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, თუ საჭირო იქნება, პირადადც გავუზიარებ ელჩს ჩემს მოსაზრებებს ამასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით გადართული ვართ საარჩევნო პროცესებზე, თუ იქნება საჭიროება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.