ყოველთვის ვიყავი ჩემი ქვეყნის სამსახურში და ჩვენმა ოპონენტებმა არ უნდა მისცენ თავს უფლება, თუნდაც ჩემი სახელი იქნება თუ სხვისი, გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა მის მიერ ელჩის თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ელჩის თქმით, მსგავსი სახის ტყუილები მის სახელთან ხშირად იყო დაკავშირებული, რაც არასერიოზულია.
„ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, რომ ჩემი პერსონა აღმოჩნდა ასეთი ყურადღების ცენტრში. ჩემთვის ახალი არ არის ეს. მრავალწლიანი დიპლომატიური და პოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში მსგავსი სახის მანიპულაციები, ინსინუაციები, ტყუილები ხშირად იყო დაკავშირებული ჩემთან. ძალიან არასერიოზულია ეს ყველაფერი. არც ვაპირებ სერიოზული კომენტარის გაკეთებას. ყოველთვის ვიყავი ჩემი ქვეყნის სამსახურში და არცერთმა პოლიტიკურმა ძალამ, ჩვენმა ოპონენტებმა არ უნდა მისცენ თავს უფლება, თუნდაც ჩემი სახელი იქნება თუ სხვისი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის გაუგებრობა აღმოიფხვრება.
„მექნება ძალიან გულწრფელი საუბარი ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან. სტრატეგიულ პარტნიორებს შორისაც არის ხოლმე გაუგებრობები, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან გულწრფელი დიალოგი, საუბრები, შეფასება, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ ამგვარი ფაქტები ურთიერთობებში. ამერიკასთან ჩვენ მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს, ეს ურთიერთობა 32 წელზე მეტს მოიცავს და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე. ეს ფაქტებით იყო გამყარებული, მათ შორის კონტრიბუციით, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ გაიღეს საერთაშორისო მისიებში, საკუთარი სიცოცხლის ფასად. ვფიქრობ, ეს არის სწორედ ის საწინდარი, რაც გვაკავშირებს, როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით და არა მხოლოდ. ამ წლების განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა იყო ძალიან ღრმა ეკონომიკური თვალსაზრისითაც. სწორედ ეს არის თემები, რაზეც უნდა ვისაუბროთ.
ასეთი გაუგებრობები როდესაც ხდება, ამას სჭირდება შესაბამისი კომუნიკაცია, ჩართულობა. ღიად ვამბობ, რომ ქართული მხარე ამ საუბრებისთვის, ჩართულობისთვის მზად არის. მე ამაზე დღესაც მქონდა კომუნიკაცია ამერიკელ პარტნიორებთან. ხვალ ვაშინგტონში დავბრუნდები და ეს საუბრები აუცილებლად გაგრძელდება, რათა ყველა გაუგებრობას და კითხვის ნიშანს გაეცეს პასუხი. ეს არავის ახარებს. მე ვიცი ჩვენი პარტნიორების გულისტკივილი ამასთან დაკავშირებით. ჩვენც ძალიან გვტკივა გული ამაზე. ვიმეორებ, რომ აუცილებელია მუდმივი დიალოგი. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დავძლევთ ამ გაუგებრობას და დავუბრუნდებით არა იმ მდგომარეობას, რაშიც ვიყავით, არამედ იმ მდგომარეობას, რასაც იმსახურებს ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა“, – განაცხადა ზალკალიანმა.