"პირველადი ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორის გაძლიერება, პაციენტთა სერვისების გაუმჯობესების მიზნით" - პროექტის ფარგლებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დღეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს შეხვდნენ. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა მინისტრის მოადგილე, ედუარდ ნაკაშიძე და პროექტის განხორციელებაში ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი.
"შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, ასევე პირველადი ჯანდაცვის დონეზე განსახორციელებელი პროექტები, არაგადამდებ დაავადებათა მიმართულებით, როგორიცაა ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი.
მორიგი სამუშაო შეხვედრა გამოცდილების გაზიარების მიზნით პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებთან გაიმართება.
საქართველოში პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მიზანია, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობა"- განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.