ხმაური იყო ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე. დეპუტატების კამათი ოპოზიციის წარმომადგენლის ვაჟა დარჩიას განცხადებამ გამოიწვია. მან საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან ამომრჩეველს მოწოდებებით მიმართა, რასაც ოპონენტების კრიტიკა მოჰყვა.
ვაჟა დარჩია დღეს ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი იყო, რომელიც სხდომას ესწრებოდა. მცირეხნიანი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი მიიღეს.
მათ შორის ცვლილებები ბათუმის საპრივატიზებო ნუსხაში და ასევე შპს „ორბი ჯგუფი მილენიუმს“ ზღვისპირის ნომერ 1-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია დაუმტკიცეს, რის საფუძველზეც კომპანიას განაშენიანების ინტენსივობის კ-2 კოეფიციენტი 3,5-დან 12-მდე გაეზრდება.