დანიაში ქართული კულტურის დღეები საზეიმოდ გაიხსნა. ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ „ბასიანისა“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართა, რომლის შემდეგაც გიორგი სისაურის კალიგრაფიული ხელოვნების მასტერკლასი ჩატარდა. კოპენჰაგენში ქართული კულტურის დღეები 3 ოქტომბრის ჩათვლით სხვადასხვა კულტურული ღონისძიებით გაგრძელდება.
პროგრამა ქართული ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის, ვიზუალური და თეატრალური საშემსრულებლო ხელოვნების, კინოხელოვნების წარმოჩენას ითვალისწინებს.
უნდა გაიმართოს ქართული ხალხური სიმღერის ლექცია-მასტერკლასი, ასევე ღონისძიებებზე მისულ სტუმრებს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების დანიურ თარგმანს გააცნობენ, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი კი უილიამ შექსპირის „ოტელოს“ წარმოადგენს,
ასევე დაგეგმილია ქართული კინოფილმების ჩვენება.