კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა ჰქონდა განზრახული

20 სექტემბერი 2024, 22:55 352 ნახვა

კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმის პროკურორის გრიგოლ ნიშნიანიძის განცხადებით ბრალდებულ ბექა ჯაიანს ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა ჰქონდა განზრახული. ნიშნიანიძის თქმით მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ  გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რასაც მოწმეების ჩვენება და გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს.

პროკურორის თქმით, ბრალდებული კესარია აბრამიძეს უკრძალავდა სხვებთან კონტაქტს, არ აძლევდა პირადი ცხოვრებით სარგებლობის საშუალებას და არც იმის უფლებას, რომ მათი ურთიერთობის შესახებ საჯარო ინფორმაცია გავრცელებულიყო.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდების მხარის მიერ დასაბუთებული იქნა პატიმრობის გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ გამოძიებასა და მოპოვებულ მტკიცებულებებს, უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიებას ამ ეტაპზე გამოკითხული ჰყავს ათეულობით მოწმე, ჩატარებული აქვს ათეულობით საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგად მიღებულია მნიშვნელოვანი ინფორმაციები, მათ შორის, ამოღებულიაა ვიდეო ჩანაწერები, ჩატარებულია ექსპერტიზები და ამოღებულია ის ნივთიერი მტკიცებულებები, რომელშიც, შესაძლოა, ინახებოდეს საქმისათვის გარკვეული მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ფაქტორები.

გამოძიება გრძელდება, საგამოძიებო ორგანოს ჩასატარებელი აქვს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, შესამოწმებელია ყველა ის ვერსია, რაც მოცემულ სისხლის საქმესთან დაკავშირებით იქნა გაჟღერებული. დარწმუნებულები ვართ, რომ საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ მოპოვებული მტკიცებულებებით სასამართლო მიიღებს გამამტყუნებელ განაჩენს და საკადრის პასუხს გასცემს კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას და უვადოდ თავისუფლების აღკვეთას განუსაზღვრავს ბრალდებულს.

უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ სოციალურ ქსელში კესარია აბრამიძის მიერ ბრალდებულისა და მისი ფოტო-სურათების გავრცელება იყო ბრალდებულის თანხმობის საფუძველზე იმის სანაცვლოდ, რათა ბრალდებული შეხვედროდა კესარია აბრამიძეს და სისრულეში მოეყვანა ის განზრახვა, რაც მას განზრახული ჰქონდა მაშინ, როდესაც შეიძინა დანა თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე. ბრალდებულს წინასწარ განზრახული ჰქონდა მისი მოკვლა, რაც მოიყვანა კიდეც სისრულეში.

განზრახვას ადასტურებს თუნდაც ეს ერთი ფაქტობრივი გარემოება, რაზეც მიგანიშნეთ, განზრახვას ადასტურებს ასევე ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება, რომელიც გამოკითხვის ოქმშია და მის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების აუდიო-ვიდეო ამსახველი ჩანაწერი, სადაც ის აღიარებს და ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სურდა, სიცოცხლე მოესპო მისთვის“, - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის ამბობს, რომ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენამდე მკვლელსა და მსხვერპლს შორის კონფლიქტური სიტუაცია იყო. 

„მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც ნიშნავს იმას და რაც დადასტურებული არის იმით, რომ მოწმეები განმარტავდნენ, რომ პირველ რიგში ბექა ჯაიანმა იცოდა, რომ აბრამიძე იყო ტრანსგენდერი ქალი, ამავდროულად, მას არ აძლევდა პირადი ცხოვრებით სარგებლობის უფლებას, არ აძლევდა სხვა პირებთან ურთიერთობის უფლებას, რის გამოც გამოიკვეთა როგორც გენდერის ნიშანი, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი. თავად მალავდა ამ ურთიერთობას, მისი სურვილი და მოთხოვნაც იყო, რომ ეს ინფორმაცია არ გასაჯაროებულიყო“, - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის ვერსიით ბრალდებული სენაკში, საიდანაც იგი წარმოშობით იყო, ტაქსით გაემგზავრა და იქიდან სურდა საქართველოს ტერიტორიის დატოვება. იგი ამ ინფორმაციას ტაქსის მძღოლის ჩვენების საფუძველზე ავრცელებს და ამბობს, რომ ბრალდებულის ტაქსის მძღოლს ეკითხებოდა თუ რამდენად იყო შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიის დატოვება.

"უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის დაკავშირებული საჰაერო საზღვრის კვეთასთან. ის მიდიოდა სენაკში, საიდანაც არის წარმოშობით და შემდგომ, ტაქსის მძღოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სურდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა“, - განაცხადა პროკურორმა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში