პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიული დღე მიულოცა

19 სექტემბერი 2024, 16:58 221 ნახვა
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიული დღე მიულოცა.

მთავრობის მეთაურმა დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა დაზვერვის სამსახურის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეროვნული ამოცანების შესრულებაში.

„დაზვერვის სამსახური ჩამოყალიბდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების ინსტიტუციად, რომლის როლიც განსაკუთრებულია ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოებაში. თითოეული თქვენგანი ერთგულად ემსახურებით მისიას, პირველებმა მოიპოვოთ ინფორმაცია საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ და ხელი შეუწყოთ მთავრობას უსაფრთხოების სფეროში სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში.

თანამედროვე, სწრაფად ცვალებად გარემოში, როდესაც ჯერ კიდევ ოკუპირებულია საქართველოს ისტორიული რეგიონები, როდესაც ევროპის შუაგულში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა იზრდება და საფრთხის წინაშე დგას ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ეროვნული ფასეულობები, ქართული სახელმწიფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მშვიდობის უზრუნველყოფა და, ამავდროულად, ქვეყნის მდგრადი, გრძელვადიანი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, ჩვენი მოქალაქეების დაცულობა და კეთილდღეობა. თითოეული ჩვენგანის ოცნებაა საქართველოს გამთლიანება და ევროპული ოჯახის ღირსეული წევრობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს ერთგული სამსახურისთვის, პატრიოტიზმისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა.

დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და დაზვერვის სამსახურის უფროსმა, ირაკლი ბერაიამ.

ღონისძიებას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე დაესწრნენ.

პროფესიულ დღესთან დაკავშირებით დაზვერვის სამსახურის ათი თანამშრომელი დაჯილდოვდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში