მონანიებისა და შერიგების იდეას როცა ისტერიკას უპირისპირებ, აშკარაა, რომ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთ გზად ომს განიხილავ - პრემიერი

17 სექტემბერი 2024, 14:12 159 ნახვა

სააკაშვილის რეჟიმმა რომ ომი დაიწყო, ამას თვეზე მეტია მთელი გუნდი აცხადებს და ამ მხრივ, ბიძინა ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, თვეზე მეტია, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ომის დაწყების თემაზე ვერაფერს ამბობენ.

"მინდა, გამოვეხმაურო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ქართულ-ოსური შერიგების შესახებ და ამ განცხადების გარშემო ხელისუფლების ოპონენტების მიერ აგორებულ არაჯანსაღ აჟიოტაჟს.

 

ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ ორი გზით არის შესაძლებელი – ომით ან შერიგებით. ძმათამკვლელი ომის შემდეგ შერიგება კი, ორმხრივი მონანიების გარეშე, დამეთანხმებით, შეუძლებელია. როდესაც ასეთ პირობებში მონანიებისა და შერიგების იდეას ისტერიკას უპირისპირებ, აშკარაა, რომ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთ გზად ომს განიხილავ. ასეთ დროს, არ უნდა გიკვირდეს, როდესაც ომის პარტიად მოგიხსენიებენ.

 

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაჩაღებული ომის გამო, ქართველებს ოსებთან ბოდიში გვაქვს მოსახდელი. იმას, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, თვეზე მეტია მთელი გუნდი აცხადებს და ამ მხრივ, ბიძინა ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს. ასევე თვეზე მეტია, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ომის დაწყების თემაზე ვერაფერს ამბობენ.

 

ვერც იტყვიან, რადგან სხვადასხვა დროს როგორც სამივე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, ისე სალომე ზურაბიშვილს მკაფიოდ აქვთ დადასტურებული, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მკვლელებს და მწამებლებს ეროვნება არ აქვთ, მათთვის ბოდიშის მოხდას არავინ აპირებს, ქართველი გმირების მკვლელები, მწამებლები ზუსტად ისეთივე ოსები არიან, როგორი ქართველებიც არიან სააკაშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმის ლიდერები.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, ფარად გამოიყენოს დაღუპულ გმირთა სახელები, მხოლოდ უკიდურეს უტიფრობად შეიძლება შეფასდეს.

„მინდა, ასევე გამოვეხმაურო სპეკულაციურ გზავნილს, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ურთიერთ პატიებისა და შერიგების თემაზე აჟღერებს. კერძოდ, ოპოზიცია აცხადებს, რომ არ შეიძლება ბოდიში მოვუხადოთ ქართველების მკვლელებსა და მწამებლებს. ამ სპეკულაციის პასუხად, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ მკვლელებს და მწამებლებს ეროვნება არა აქვთ და მათთვის ბოდიშის მოხდას არც არავინ აპირებს. ქართველი გმირების მკვლელები და მწამებლები ზუსტად ისეთივე ოსები არიან, როგორი ქართველებიც არიან სააკაშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმის სხვა ლიდერები, რომლებმაც 2008 წელს ცხინვალის მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს.

 

სრულიად ცხადია, რომ როდესაც ურთიერთ პატიებაზეა საუბარი, მხედველობაში გვყავს ცხინვალის რეგიონში მცხოვრები რამდენიმე ათეული ათასი მშვიდობიანი ოსი, რომლებთან შერიგების გარეშე მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უტოპიაა, შერიგება კი, ბუნებრივია, ორმხრივი მონანიების გარეშე ვერ შედგება.

 

არათუ ქართველი გმირების მკვლელებთან და მწამებლებთან არ გვაქვს ბოდიში მოსახდელი, ჩვენ, პირველ რიგში, თავად ჩვენი გმირების ოჯახის წევრებს უნდა მოვუხადოთ ბოდიში იმის გამო, რომ თავის დროზე ხელისუფლების სათავეში ომის გამჩაღებელი სააკაშვილი და მისი გარემოცვა მივუშვით. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ზუსტად ისევე არიან პასუხისმგებელი სამშობლოსათვის თავდადებული ჩვენი გმირების სიკვდილზე, როგორც მათი უშუალო მკვლელები. ასეთ პირობებში, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, ფარად გამოიყენოს დაღუპულ გმირთა სახელები, მხოლოდ უკიდურეს უტიფრობად შეიძლება შეფასდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განმარტებით, „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც ჩაიწერა, რომ სამხედრო მოქმედებები ცხინვალის გაუფრთხილებელი დაბომბვით მათ დაიწყეს, რასაც რუსეთის საპასუხო შეტევა მოჰყვა.

მისივე განცხადებით,  ისინი ასევე დაეთანხმნენ ტალიავინის დასკვნას, სადაც სააკაშვილის მიერ ომის დაწყების ქრონიკა კიდევ უფრო დეტალურად არის აღწერილი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში