ლევან დავითაშვილი ჩინური ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

13 სექტემბერი 2024, 10:10 186 ნახვა
 
 

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის ავიაკომპანიების – Hainan Airlines-ის, Capital Airlines-ის და Sichuan Airlines-ის ხელმძღვანელებს შეხვდა - ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე.

"შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა საქართველოს საავიაციო სექტორში მიმდინარე ტენდენციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო პოპულარული მიმართულებაა ტურიზმის ინდუსტრიაში, რამაც პოზიტიური გავლენა მოახდინა სამოქალაქო ავიაციის განვითარებაზე – კერძოდ, დღეისათვის საქართველოში 60-ზე მეტი ავიაკომპანია საქმიანობს, რომლებიც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტ რეგულარულ რეისს ასრულებენ. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ამჟამად ავიაკომპანია China Southern Airlines თბილისი – ურუმჩის მიმართულებით ფრენებს ყოველდღე ასრულებს. შემოდგომაზე საქართველოს ავიაბაზარზე Air China შემოვა, რომელიც ურუმჩის გარდა, ფრენების განხორციელებას პეკინი – თბილისის მიმართულებითაც გეგმავს.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო დაინტერესებულია, რომ ფრენები ჩინეთის სხვა ქალაქებიდანაც განხორციელდეს, რაც ასევე ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის სფეროშიც. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო მიმოსვლის შემოღებამ და პირდაპირი ავიარეისების სიხშირის ზრდამ გაზარდა ქვეყანაში ჩინეთიდან ტურისტული ნაკადები. მისი თქმით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველომ ჩინეთიდან 555 პროცენტით მეტი ვიზიტორი მიიღო. რაც შეეხება 2024 წლის პირველ ორ კვარტალს, ეს მაჩვენებელი 423 პროცენტით გაიზარდა. პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო გეგმავს, უფრო მასშტაბური ტურისტული აქტივობები გამართოს ჩინეთის მეტ ქალაქში, რათა ჩვენი ქვეყნის, როგორც ტურისტული მიმართულების, ცნობადობა გაიზარდოს",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი