26 ოქტომბერს არ ტარდება უბრალო არჩევნები, არამედ ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება უსამშობლობა და ქვეყნის სიყვარული, მებრძოლი ათეიზმი და ეკლესიის პატივისცემა, მონობა და სუვერენიტეტი, - ამის შესახებ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სამცხე-ჯავახეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ოპოზიციას ერთადერთ მიზნად აქვთ დასახული, რომ შეასრულონ გარედან მიღებული დავალება, არიონ ქვეყანა, საქართველო მეორე ფრონტად აქციონ და ხალხი ბნელ წარსულში დააბრუნონ.
„სამცხე-ჯავახეთის მიწის თითოეული გოჯი ჩვენი ქვეყნის ისტორიას და კულტურულ მემკვიდრეობას ინახავს. ისტორიის განმავლობაში, ამ რეგიონის შვილებს მრავალი ბრძოლა აქვთ გადახდილი საქართველოს დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. შესაბამისად, აქ ყოფნა ყველაზე მეტად შეგვახსენებს, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენი სამშობლოს წინაშე, არცერთი ნაბიჯით არ დავიხიოთ უკან იმ ბრძოლაში, რომელიც ღირსებისა და მშვიდობის დაცვას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის, საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის უზრუნველყოფას უკავშირდება.
კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ის, რაც უკვე არაერთხელ ითქვა. 26 ოქტომბერს არ ტარდება უბრალო არჩევნები. ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება უსამშობლობა და ქვეყნის სიყვარული, მებრძოლი ათეიზმი და ეკლესიის პატივისცემა, მონობა და სუვერენიტეტი და ამ რეფერენდუმში აუცილებლად ქვეყნის სიყვარული, ეკლესიის პატივისცემა და საქართველოს დამოუკიდებლობა გაიმარჯვებს.
26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება ომი და მშვიდობა, ერთმანეთს უპირისპირდება საზოგადოების მორალური გადაგვარების მცდელობა და ტრადიციული ფასეულობები, ბნელი წარსული და საქართველოს ნათელი მომავალი. 26 ოქტომბერს აუცილებლად მშვიდობა, ტრადიციული ფასეულობები და ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი გაიმარჯვებს.
რადიკალური ოპოზიცია და მისი მფარველები აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შედგეს, თუ ხელისუფლებაში დაბრუნდება კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას პარტიების სახით. მათი თქმით, საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ევროპული მომავალი, თუ ქვეყანაში დაბრუნდება ავტორიტარიზმი, ადამიანების მკვლელობა და წამება, პატიმრებით გადავსებული ციხეები, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება. მათი თქმით, საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ევროპული მომავალი, თუ ქვეყანაში ომი და ნგრევა დაბრუნდება.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას - ვინც სვამს ტოლობის ნიშანს ავტორიტარიზმსა და ევროპას შორის, ადამიანების მკვლელობასა და ევროპას შორის, ადამიანების წამებასა და ევროპას შორის, პატიმრებით გადავსებულ ციხეებსა და ევროპას შორის, ბიზნესის რეკეტსა და ევროპას შორის, ტელევიზიების მიტაცებასა და ევროპას შორის, ომსა და ევროპას შორის, კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და ევროპას შორის, მას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ ევროპულ ფასეულობებთან.
ამ ადამიანებს ერთადერთ მიზნად აქვთ დასახული, შეასრულონ გარედან მიღებული დავალება, არიონ ქვეყანა, საქართველო მეორე ფრონტად აქციონ და ხალხი ბნელ წარსულში დააბრუნონ. ამას ქართული საზოგადოება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს! 26 ოქტომბერს ომისა და არეულობის პარტიას ქართული საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს! 26 ოქტომბერს მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა გაიმარჯვებს!“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში მიღწეულ წინსვლაზე ისაუბრა.
„მეგობრებო, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ის წინსვლა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ განიცადა:
- 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შედეგად, საქართველოში აღიკვეთა ადამიანების მკვლელობისა და წამების სისტემური პრაქტიკა, გათავისუფლდა ბიზნესი და გათავისუფლდა მედია;
- ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რის შედეგადაც ქვეყანას არა გარედან დანიშნული აგენტურა, არამედ ქართველი ხალხის მიერ წესით არჩეული სუვერენული ხელისუფლება მართავს;
- მხოლოდ 2021-24 წლებში საქართველოს ეკონომიკა 40 მილიარდი ლარით გაიზარდა, შესაბამისად, ამ 4 წელიწადში, 10 მილიარდი ლარით გაიზარდა საქართველოს ბიუჯეტი;
- რამდენჯერმე გაიზარდა საავტომობილო გზების, სკოლების, ბაღების, და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის ტემპი;
- ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და რამდენჯერმე გაუმჯობესდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი;
- ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები, რამაც ამ დარგს განსაკუთრებული განვითარება მოუტანა;
- 2012 წლის შემდეგ, 5-ჯერ გაიზარდა ბიზნესის ბრუნვა, 3-ჯერ გაიზარდა ხელფასები ბიზნესის სექტორში, 3-ჯერ გაიზარდა მრეწველობის ბრუნვა;
- განახევრდა უმუშევრობა 2012 წლის შემდეგ;
- 680 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს;
- გვაქვს უპრეცედენტო წინსვლა სპორტის სფეროში, რაც ამ დღეებში ქართველმა ფეხბურთელებმა, ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა განსაკუთრებული სიმძაფრით შეგვახსენეს; კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ჩვენი ფეხბურთელების გუშინდელი გამარჯვება;
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია;
- ამ ყველაფერთან ერთად, საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.
ყველა ეს მიღწევა არის 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის დამსახურება, რომლისთვისაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო. რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, საქართველო დღეს იქნებოდა იმაზე ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე დღეს, ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა იმყოფება. დემოკრატიული მმართველობის დანერგვა, ეროვნული დამოუკიდებლობისა და ღირსების მტკიცედ დაცვა, 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა არის, პირველ რიგში, სწორედ, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას ამისათვის.“, - აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, 1-ელ ოქტომბერს „ქართული ოცნება“ წარმოადგენს საარჩევნო პროგრამას, ქვეყნის განვითარების 4-წლიან გეგმას, რომელშიც დასახული იქნება, ერთდროულად, ამბიციური და განხორციელებადი ამოცანები.
„1-ელ ოქტომბერს ჩვენ წარმოგიდგენთ საარჩევნო პროგრამას, ქვეყნის განვითარების 4-წლიან გეგმას, რომელშიც დასახული იქნება, ერთდროულად, ამბიციური და განხორციელებადი ამოცანები. ჩვენი გეგმა საქართველოს მოუტანს კიდევ უფრო მტკიცე დემოკრატიულ სისტემას, კიდევ უფრო ძლიერ ეკონომიკას და მოსახლეობის ცხოვრების დონის თვისებრივ გაუმჯობესებას.
თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი არ იქნება მშვიდობის გარეშე. თუ ჩვენ მშვიდობას ვერ შევინარჩუნებთ. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა ავირჩიოთ მშვიდობა, რომელსაც მოაქვს კეთილდღეობა, და ჩვენ უნდა ავირჩიოთ აუცილებლად ჩვენი ქვეყნის ღირსება, ჩვენი სახელმწიფოს ღირსეული მომავალი. ეს ყველაფერი არის საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის საწინდარი.
26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად საქართველო გაიმარჯვებს!“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.