204 ქვეყანას შორის საქართველო გავიდა 24-ე ადგილზე, ვულოცავ მთლიანად გუნდს, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე - პრემიერი

26 აგვისტო 2024, 11:35 329 ნახვა

ჩვენ გვქონდა იმის იმედი, რომ ისტორიულად საუკეთესო შედეგი დაფიქსირდებოდა ამ ოლიმპიადაზე და ეს ასეც მოხდა - 3 ოქრო, 3 ვერცხლის მედალი, 1 ბრინჯაოს მედალი. ეს არის საუკეთესო შედეგი საქართველოს ისტორიაში ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და ყველას მინდა ეს დიდი წარმატება მოგილოცოთ, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 204 ქვეყანას შორის საქართველო გავიდა 24-ე ადგილზე და ეს არის ისტორიულად საუკეთესო შედეგი.

„ჩვენ არ შევკრებილვართ ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს, ჩვენს ოლიმპიელებს ძალიან დიდი წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ ამ ოლიმპიურ თამაშებზე.

 

ჩვენ გვქონდა იმის იმედი, რომ ისტორიულად საუკეთესო შედეგი დაფიქსირდებოდა ამ ოლიმპიადაზე და ეს ასეც მოხდა - 3 ოქრო, 3 ვერცხლის მედალი, 1 ბრინჯაოს მედალი. ეს არის საუკეთესო შედეგი საქართველოს ისტორიაში ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და ყველას მინდა ეს დიდი წარმატება მოგილოცოთ. ასევე, დაფიქსირდა 24-ე ადგილი, რაც არის ისტორიულად საუკეთესო შედეგი.

 

204 ქვეყანას შორის საქართველო გავიდა 24-ე ადგილზე და ყველას მინდა მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი წარმატება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვულოცავ თავად ოლიმპიელებს, მათ მწვრთნელებს, საექიმო პერსონალს და მთლიანად იმ გუნდს, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ქართული სპორტი არის წარმატების გზაზე და ამ ტენდენციის ხელშეწყობისთვის ყველაფერი გაკეთდება.

„იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც ოლიმპიური ჩემპიონის ძმამ, კოტე პეტრიაშვილმა მოიგო ოქროს მედალი, გახდა მსოფლიო ჩემპიონი, 17 წლამდელთა შორის და მას მინდა მივულოცო ძალიან დიდი წარმატება და ასევე ნიკოლოზ მაისურაძეს მინდა მივულოცო მსოფლიო ვიცე-ჩემპიონობა. ქართული სპორტი არის წარმატების გზაზე და რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ამ ტენდენციას ხელი შევუწყოთ. დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება ექნება ქართულ სპორტს, რისთვისაც ჩვენ ჩვენს ძალისხმევას არ დავაკლებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის განკარგულება პარიზის ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულების, მედალოსნების, მწვრთნელების, საექიმო პერსონალისა და ადმინისტრაციული ჯგუფის წევრებისთვის დაპირებული პრემიების მიღების შესახებ დღეს დამტკიცდება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათი გადაწყვეტილებით, წმინდა გიორგის სახელობის ორდენზე ოლიმპიური გუნდის წევრები: ლაშა შავდათუაშვილი და ნინო სალუქვაძეც არიან წარდგენილები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი