26 ოქტომბერს გავიდეთ არჩევნებზე და გადამწყვეტი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისთვის, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ, 26 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ერთად გავაგრძელებთ „ქართული ოცნების“ ახდენას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა, უმნიშვნელოვანესია 26 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“, კიდევ ერთხელ, დაამარცხოს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“.
„მოგესალმებით ჩემო ქართველებო, მოგესალმებით რაჭველებო, ლეჩხუმელებო, სვანებო. შეუძლებელია კავკასიონის ამაყად მდგარ თვალუწვდენელ მწვერვალებს უცქერდე და არ გაღელვებდეს იმაზე ფიქრი, ღმერთისგან ნაბოძები ეს საჩუქარი რამდენი ჭირისა და ლხინის, საგმირო ისტორიის მომსწრე ყოფილა. მიუხედავად ბევრჯერ თავს დამტყდარი უბედურებისა თუ გაჭირვებისა, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ მტრის შემოსევებისა, რაჭველებმა, ლეჩხუმელებმა და სვანებმა სათუთად, ხელუხლებლად შემოგვინახეს თითოეული ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციები, კულტურა თუ ადათ-წესები. ქართველების ერთ-ერთი სიძლიერეც ხომ სწორედ ეს არის – მამულის, ენისა და სარწმუნოების გარშემო გაერთიანებული ხალხი, რომელიც ამავდროულად იმდენად მრავალფეროვანია, რომ რაჭულ სიდინჯესა და შრომისმოყვარეობას, სვანურ სიმამაცესა და სამართლიანობას, ლეჩხუმურ სტუმართმოყვარეობას და მიზანდასახულობას, სრულიად განსხვავებულ, მაგრამ მაინც ერთმანეთზე გადაჯაჭვულ უამრავ ლამაზ ტრადიციას იტევს. სწორედ საკუთარი კუთხის სიყვარულმა და თავგანწირვის უნარმა შემოგვინახა რაჭაც, ლეჩხუმიცა და სვანეთიც, ჩვენ კი არ გვაქვს უფლება წინაპრების დაწყებული საქმე არ გავაგრძელოთ, არ მოვუფრთხილდეთ და არ ვიზრუნოთ მათ დანატოვარზე. როდესაც 12 წლის წინ, 2012 წლის 27 აგვისტოს აქ, ამ ადგილზე პირველად შეგხვდით, იმ პრობლემებსა და გაუსაძლის პირობებზე ვსაუბრობდით, რომელიც წინა ხელისუფლების დანაშაულებრივმა პოლიტიკამ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობას შეუქმნა. ყველაზე უკეთ თქვენ გახსოვთ, როგორ იფლანგებოდა ის უდიდესი პოტენციალი რომელიც აქაურობას გააჩნია. სამკურნალო წყლებით, უნიკალური ჯიშის მცენარეებით, მსოფლიოში გამორჩეული ვაზის ჯიშებით განთქმული და მდიდარი კუთხეები, უდიდესი ტურისტული პოტენციალის მატარებელი მხარეები როგორ ნადგურდებოდა, აქაურობას როგორ იყენებდა პირადი სარგებლისა და ინტერესებისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული ვიწრო ჯგუფი, მოსახლეობას კი ერთადერთ გამოსავლად საკუთარი სახლ-კარის, მიწის დატოვება და სხვაგან გადასახლება ესახებოდა. მე მაშინ დაგპირდით, რომ ჩვენი ხელისუფლება აქაურობას ახალ სიცოცხლეს შესძენდა, საკანონმდებლო დონეზე დაარეგულირებდა მაღალმთიანი რეგიონის სტატუსსა და მისგან მიღებულ შეღავათებს, მოაწესრიგებდა ინფრასტრუქტურას, შიდა თუ მაგისტრალურ გზებს და განსაკუთრებით შეუწყობდა ხელს იმ ინვესტორებს, რომლებიც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის განვითარებაში მონაწილეობის მიღების სურვილს გამოთქვამდნენ. თქვენ ყველაზე უკეთ იცით, 2012 წელთან შედარებით დღეს რამდენჯერ მეტი ინვესტიცია იდება რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, ჩვენი ხელისუფლების მიერ მიღებულმა კანონმა მაღალმთიანი რეგიონების სტატუსის შესახებ, რამდენ ადგილობრივს ააღებინა ხელი საკუთარი საცხოვრებლის დატოვებაზე ფიქრისგან. როგორ მოწესრიგდა, რა მნიშვნელობისა და რაოდენობის გზა გაკეთდა, რამაც პირდაპირ შეუწყო ხელი არსებული ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის ათვისებას“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, მიტოვებულმა სოფლებმა და დაბებმა ახალი სიცოცხლე შეიძინა, გაჩნდა შესაძლებლობა, გამორჩეული კურორტები ყველანაირი თანამედროვე სტანდარტის დაცვით ისე გაშენდეს, რომ ადგილობრივ უნიკალურ ეკოსისტემას არანაირი პრობლემა არ შეექმნას.
„12 წლის წინანდელი პერიოდისგან განსხვავებით დღეს ბევრად დიდი ფასი აქვს მსოფლიოში აღიარებულ ხვანჭკარას, უნიკალურ მუჯურეთულსა თუ ალექსანდროულს და მათგან დამზადებულ ღვინოს. ეს დიდწილად სწორედ იმ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამებისა და ჩვენი სწორი პოლიტიკის დამსახურებაა, რომლებმაც, პირველ რიგში, ადგილობრივების კეთილდღეობის ზრდა განაპირობეს. განვლილმა წლებმა გამოაჩინა, რომ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში განვითარების კიდევ ძალიან დიდი შესაძლებლობაა, უკვე განხორციელებულმა საქმემ კი დაგვანახა, რომ ხალხის, სახელმწიფოსა და კერძო ინტერესების სწორი ურთიერთქმედების შემთხვევაში, ისეთი შედეგების მიღწევა სრულიად რეალურია, როდესაც ხალხიც, ხელისუფლებაც და ინვესტორიც კმაყოფილია. მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ დაწყებულ საქმეს. შევქმნით ყველა პირობას, რომ ადგილობრივებმა მაქსიმალურად აითვისონ ამ უნიკალურ მხარეში არსებული პოტენციალი. მოვიზიდავთ კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას და განვახორციელებთ კიდევ უფრო დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამისთვის, უმნიშვნელოვანესია, 26 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“, თქვენთან ერთად, კიდევ დაამარცხოს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, შესაბამისად, გაანეიტრალოს მათგან და მათი პატრონებისგან მომდინარე საფრთხეები. 12 წლის წინანდელი პერიოდის მსგავსად უნდა გავაკეთოთ ისტორიული არჩევანი, გადავარჩინოთ და სამშვიდობოს გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, შემდეგ კი 2012 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ეროვნული ღირსების შენარჩუნებით გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამის პასუხად, ქართულ რადიკალურ ოპოზიციაში უხვად გაბნეული უცხოეთის აგენტები სულმოუთქმელად ელიან ნებისმიერ შესაძლებლობას, იქნებ როგორმე ძალაუფლება დაიბრუნონ რაც საქართველოს ომში ჩართვას, ეკონომიკურ სიდუხჭირესა და შიმშილს, კიდევ მეტ დაკარგულ სიცოცხლესა და დამატებით ოკუპირებულ ტერიტორიებს ნიშნავს. როდესაც რაჭაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, დავივიწყოთ ერთი წლის წინ აქ დატრიალებული ტრაგედია. 2023 წლის 3 აგვისტო მოუშუშებელ იარად დაგვრჩება. სტიქიამ, რომელიც შოვს დაატყდა თავს, ადამიანების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე იმსხვერპლა. ასეთ დროს განსაკუთრებით ვიაზრებთ რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთიანობას – როდესაც მთელი ქვეყანა ერთად დგას, ხალხი სიტყვის თქმის გარეშე ამხნევებს ერთმანეთს და თავს დამტყდარ ტრაგედიას ისე ღირსეულად გლოვობს, როგორც მხოლოდ ქართველს შეუძლია. სამწუხაროდ, ისევ მიწევს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ხსენება, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე და ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გააზრებულიც არ გვქონდა, რა მოხდა ჩვენს თავს, პოლიტიკურ ინტერესებზე ფიქრი და ბუნებრივ სტიქიაში ხელისუფლების ბრალეულობის ძებნა დაიწყო. ეს ხალხი ნებისმიერი საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღმა რჩება, ისინი დაპირისპირებითა და საზოგადოების დაქსაქსვით საზრდოობენ, ასეთ დროს კი მათთან ერთიანობასა და ქვეყნის ინტერესებზე საუბრის ნებისმიერი მცდელობა ფუჭია“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, უცხო ძალების აგენტურით დაკომპლექტებული „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ ახერხებს ქართველ ხალხს თავს მოახვიოს სიცრუე.
„წინა წლებისგან განსხვავებით, რეგიონში არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ, კონკრეტულ გლობალურ ძალებსა და ჩვენს ქვეყანაში არსებულ მათ აგენტურას ვა-ბანკზე წასვლა აიძულა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალაუფლების დაბრუნება ყველანაირი გზებით სცადეს, თუმცა, საწადელს ვერ მიაღწიეს. შედეგად კი ის მიიღეს, რომ ნიღაბი საბოლოოდ მოიხსნეს და ქართველი ხალხის წინაშე, რეალური სახით გამოჩნდნენ. უცხო ძალების აგენტურით დაკომპლექტებული „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ ახერხებს ქართველ ხალხს თავს მოახვიოს სიცრუე, ამიტომ არჩევანი მარტივი გასაკეთებელია – დღეს ერთ მხარეს დგას მშვიდობა, კეთილდღეობა და ღირსება, მეორე მხარეს კი ომი, გაჭირვება და მონური მორჩილება. ქართველი კაცის გონიერება მაძლევს იმის თქმის სითამამეს, რომ 26 ოქტომბრის ერთგვარ რეფერენდუმზე საქართველოში ეროვნული სუვერენიტეტის იდეა და ტრადიციული ღირებულებები გაიმარჯვებს, თუმცა, იმისთვის, რომ გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული, საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება გვჭირდება. როდესაც საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერას მოველით, ვალდებულები ვართ, დეტალურად განვმარტოთ, რისთვის გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა და როგორ წაადგება ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს: პირველი, პირველი და მთავარი შეიძლება იყოს, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, რაც ქართული პოლიტიკიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშორების გარეშე შეუძლებელი იქნება. როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ, ჩვენთვის ეს იქნება საზოგადოების დაკვეთა, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს ჩვენი ქვეყნის მტრების დანაშაულებრივ ქმედებებს, განსაკუთრებით კი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნების დასრულებისა და ქართველი ხალხისგან მაღალი ლეგიტიმაციის მოპოვების შემდეგ დაიწყება პროცესი, რომელიც დასრულდება დამნაშავეების გასამართლებით და მკაცრად დასჯით“, – განაცხადა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის თქმით, ქვეყანაში ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“, რომელიც ქვეყნის გადარჩენაზე ფიქრობს, მეორე მხარეს კი, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სახელმწიფოს მტრობს.
„მუდმივ ტერორში, თავსმოხვეულ დაპირისპირებასა და გამოგონილ პრობლემებში ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ – ამის გარეშე გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილური განვითარების მიღწევა შეუძლებელი იქნება. სამწუხაროდ, მთელი ამ წლების მანძილზე ქვეყანაში სრულფასოვანი არჩევნები არ ჩატარებულა, რადგანაც ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემაში არჩევანი კარგსა და უკეთეს შორის არსებობს. ჩვენს ქვეყანაში კი ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“, რომელიც ქვეყნის გადარჩენაზე, განვითარებასა და მშვიდობის უზრუნველყოფაზე ფიქრობს, მეორე მხარეს კი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სახელმწიფოს მტრობს და უცხოურ ინტერესებს ემსახურება. 12 წლის მანძილზე საკუთარი თვალით ვუყურებთ გამოგონილი მიზეზებით, ხელოვნურად თავსმოხვეული პოლიტიკური კრიზისებით, ტრაგედიებით, მანიპულირებითა და სიცრუის პროპაგანდით რამდენჯერ ჰქონდათ გადატრიალების მცდელობა. მათი გეგმა ერთხელაც ვერ განხორციელდა და ხელისუფლება უცხოური ძალების აგენტურამ ვერ დაიბრუნა, თუმცა, კარგად გამოჩნდა, რამხელა რისკები ახლავს და რა შეიძლება მოჰყვეს თავსმოხვეულ პოლარიზაციას. „ქართული ოცნება“ ქართველმა ხალხმა უკვე სამი ვადით აირჩია, ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემაში კი პოლიტიკური ძალები გარკვეული პერიოდულობით უნდა ანაცვლებდნენ ერთმანეთს. ეს დღევანდელ ვითარებაში შეუძლებელია. ამის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდება, როდესაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ და ჩვენს გუნდს ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდება“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია კონსტიტუციური კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელსაც, ისევე როგორც ყველაფერს ქართული ინტერესებისთვის სასარგებლოს, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ეწინააღმდეგება.
„აქაური აგენტურა დიდი ენთუზიაზმით იცავს და ავრცელებს ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომლის მიზანიც ყოველგვარი ტრადიციული ფასეულობების მოშლა, ადამიანების ღირსებისგან თუ მორალისგან სრული დაცლა და ყველაზე დაბალი რანგის მონებისგან შემდგარი, ერთი ფსიქოლოგიის მქონე მასის შექმნაა. თუმცა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთას – ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა ინტერესებს განსაკუთრებით მოვუფრთხილდებით და კონსტიტუციის დონეზე დავიცავთ. მესამე, ჩვენი – ქართველების ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რეგიონში მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება და შესაძლებლობის გაჩენისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისათვის ქვეყანა ნებისმიერ დროს უნდა იყოს მზად.
„განვლილმა რამდენიმე წელიწადმა თვალსაჩინო გახადა, რომ რეგიონში მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. შესაბამისად, შესაძლებლობის გაჩენისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისათვის, ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი გახდება ჩვენი ქვეყნის მმართველობის სისტემა და სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს კორელაციაში, რისი ერთადერთი გზაც კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელებაა. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აგენტურით გაჯერებული ოპოზიცია ამჯერადაც უარს იტყვის საქართველოს ინტერესების გატარებაზე, გააგრძელებს გარე დავალებების შესრულებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ ცვლილებებს წინ აღუდგება. სწორედ ამიტომ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებებს წინ ვერავინ აღუდგეს. და მეოთხე, როგორც პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ წერილში, ასევე მცხეთაში ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, რომ არის კიდევ ერთი, ჩვენი ქვეყნისა და სარწმუნოებისათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის თაობაზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თაობაზე ვაცნობებთ. გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად ჩამოთვლილი პუნქტების სისრულეში მოყვანა უმნიშვნელოვანესია, თუმცა ამ მოცემულობაში უმთავრესი გამოწვევა ჩვენი დღევანდელობაა. ქვეყნის ომის ქარცეცხლში გახვევის მოსურნეები, შიდა თუ გარე მტრები ჩასაფრებულები ელოდებიან უმცირეს შანსსაც კი, რომ როგორმე ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეცვალონ, რაც პირდაპირ ნიშნავს საქართველოში ბომბების წვიმას და ქვეყნის განადგურებას. იოტისოდენა შეცდომის დაშვების უფლებაც არ გვაქვს – ხალხის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული თითოეული ხმა, თითოეული მანდატი არის მშვიდობის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი. თქვენთან ერთად, ფხიზლად უნდა გადავაგოროთ რამდენიმე თვეც და ომის დასრულებისთანავე, ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებული არაჯანსაღი ინტერესები საპირისპირო დამოკიდებულებით შეიცვლება. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყანა და ხალხი არანაკლებად სჭირდებათ მეგობრად ჩვენს პარტნიორებს, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ისინი. რეგიონში მდგომარეობის დასტაბილურებისთანავე, ორმხრივი ინტერესების დროს საქართველოს ძლიერ ხელისუფლებასთან მეგობრობა ყველასთვის პრიორიტეტული და საჭირო იქნება. სწორედ ამიტომ გვჭირდება მაქსიმალური ლეგიტიმაცია. იმდენად დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რომ არავის გაუჩნდეს ცდუნება, ქვეყნის არჩეულ ხელისუფლებას ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ქვეყანას გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობიანი განვითარების რელსებზე დააყენებს.
„საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება და ჩამოთვლილი საკითხების მოგვარება ჩვენს ქვეყანას გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობიანი განვითარების რელსებზე დააყენებს. ამიტომაც ჩემო რაჭველებო, ლეჩხუმელებო და სვანებო, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობა, კეთილდღეობა და ეროვნული ღირსების შენარჩუნება, 26 ოქტომბერს გავიდეთ არჩევნებზე და გადამწყვეტი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისთვის. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ. 26 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ერთად გავაგრძელებთ „ქართული ოცნების“ ახდენას“, – განაცხადა ივანიშვილმა.