ჩვენს ოპონენტებს არც რეიტინგი აქვთ, არც ისეთი ხალხი ჰყავთ, რომ დელეგატებად დააყენონ - მამუკა მდინარაძე

16 აგვისტო 2024, 16:44 375 ნახვა
 
 

ჩვენს ოპონენტებს არც რეიტინგი აქვთ, არც ისეთი ხალხი ჰყავთ, რომ დელეგატებად დააყენონ, ამიტომ ახლა ცრუ პიარის გზას დაადგნენ, როგორც აქამდე აკეთებდნენ ხოლმე, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დელეგატები პროფესიონალიზმის, სანდოობისა და შესაბამის ოლქებში პატივისცემის მიხედვით შეირჩა.

„ქვეყნის სიყვარული, პროფესიონალიზმი, სანდოობა, კეთილსინდისიერება, ხალხის სიყვარული და პატივისცემა შესაბამის ოლქებში – ეს არის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ჩვენ შევარჩიეთ ჩვენი დელეგატები და არა მაჟორიტარები, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ამბობენ. ოლქებში ვერ შეარჩიეს 30 ისეთი ადამიანი, რომელთაც გვერდზე მიაწერენ, რომ პარლამენტში მათი წარმომადგენელი იქნება გასვლის შემთხვევაში. არც ამდენი რეიტინგი აქვთ, რომ გამსვლელის სიაში ჩაწერონ ასეთი ადამიანები, არც ისეთი ხალხი ჰყავთ, რომ ასეთი ავტორიტეტი ადამიანები დააყენონ შესაბამის დელეგატებად, ამიტომ ისინი ახლა ისეთსავე ცრუ პიარის გზას დაადგნენ, როგორც აქამდე აკეთებდნენ ხოლმე ამას“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით, ქუდზე კაცი უნდა მივიდეს არჩევნებზე, რომ, ერთი მხრივ, აგენტმა პარტიებმა ვერ გადალახონ საარჩევნო ბარიერი, მეორე მხრივ კი, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს.

"ერთ დეტალს გაგიმხელთ, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის 80% არის მოტივირებული, რომ არჩევნებზე მივიდეს. 20%, ძალიან ბევრჯერ ამოდის ხოლმე, რომ არჩევნებზე არ მიდის. ანუ „ქართული ოცნების“ ყოველი მე-5 ამომრჩეველი შეიძლება არჩევნებზე არ მივიდეს. ეს ცალკე კატასტროფა იქნება და ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვეს. ჩვენ კი ვამბობთ, რომ უმრავლესობის რესურსი გვაქვს, მაგრამ ამ შანსს მოკლავს ყოველი მე-5 ამომრჩევლის არმოსვლა. ამიტომ ქუდზე კაცი უნდა მივიდეს და ეს უზრუნველყოფს, რომ იმ პარტიებს, რომლებიც ეპოტინებიან საარჩევნო ბარიერს, შანსი გამოეცლებათ და ჩვენ საშუალება მოგვეცემა, საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ. მაგალითად, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი კი არ მივიღოთ, რასაც შემოდგომაზე გავაკეთებთ, არამედ კონსტიტუციითაც გავამყაროთ ეს ყველაფერი.

ეს არ არის ის მონაცემი, რითიც მე ან „ქართული ოცნების“ ლიდერი ან წარმომადგენელი დამშვიდდებოდა, პირიქით, იქ არის მონაცემები, რომ შესაძლოა, რამდენიმე აგენტურულმა პარტიამ გადალახოს ბარიერი, რაც არის კატასტროფა და საქართველოს ღირსეულ წინსვლას ეს არ გამოადგება. ქუდზე კაცი უნდა მივიდეს არჩევნებზე, რომ, ერთი მხრივ, ამ აგენტმა პარტიებმა ვერ გადალახონ საარჩევნო ბარიერი და, მეორე მხრივ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა პოზიტიურობისკენ კიდევ უფრო შეიცვალოს ქვეყნის ისტორია, სულიერი და ფიზიკური გადარჩენის უპირველესი და უპირატესი ამოცანა აღსრულდეს და შემდეგ განვაგრძოთ ღირსეული სვლა და განვითარება ევროპისკენ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი