სწორედ, ღირსებითა და სამშობლოსათვის თავგანწირვით შეგვიძლია ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევა, მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გამთლიანება - პრემიერი

12 აგვისტო 2024, 11:34 357 ნახვა

სწორედ, ღირსებითა და სამშობლოსათვის თავგანწირვით შეგვიძლია ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევა, საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გამთლიანება, უმთავრესი ეროვნული მიზნების მიღწევა - ამის შესახებ პრემიერმა  „დიდგორობა 2024“ -თან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 9 საუკუნის წინ მოპოვებული ,,ძლევაი საკვირველი“ მსოფლიო ისტორიის უდიდეს სამხედრო-სტრატეგიულ გამარჯვებათა რიგს განეკუთვნება და დიდგორის ბრძოლამ შეასრულა გადამწყვეტი როლი საქართველოს ევროპული იდენტობის განსაზღვრაში, რასაც დღეს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისკენ ქვეყნის სწრაფვა ეფუძნება.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი სამშობლოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველთა ერთიანობისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდებისა და გმირობის უკვდავი მაგალითია. ამ გამარჯვებამ მრავალი თვალსაზრისით განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება. 9 საუკუნის წინ მოპოვებული ,,ძლევაი საკვირველი“ მსოფლიო ისტორიის უდიდეს სამხედრო-სტრატეგიულ გამარჯვებათა რიგს განეკუთვნება; ამ გამარჯვებამ შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის.

 

დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ სათავე დაუდო საქართველოს ისტორიის ოქროს ხანას - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, რელიგიურ, საგანამანათლებლო აღორძინებას. სწორედ, დიდგორის ბრძოლის შემდეგ საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი. ამავე დროს, ეს იყო ქრისტიანული ფასეულობების უდიდესი გამარჯვების დღე, რომელსაც საქართველოს ეროვნული იდენტობა და უნიკალური ქართული კულტურა დღემდე ეფუძნება. შესაბამისად, დიდგორის ბრძოლამ შეასრულა გადამწყვეტი როლი საქართველოს ევროპული იდენტობის განსაზღვრაში, რასაც ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისკენ ჩვენი სწრაფვა დღევანდელ დღეს ეფუძნება“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ღირსებითა და სამშობლოსათვის თავგანწირვით არის შესაძლებელი ყველაზე დიდი გამოწვევების დაძლევა, მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გამთლიანება და უმთავრესი ეროვნული მიზნების მიღწევა.

„დიდგორის ველზე გაიმართა უთანასწორო ბრძოლა, მტერი ჩვენზე მრავალრიცხვოვანი იყო, მაგრამ ჩვენს მხარეს იყო სამართლიანობა, განმტკიცებული სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთიანობით, ღირსებით, პატრიოტიზმით, სამშობლოს სიყვარულით, ქვეყნისთვის თავდადებით და, რა თქმა უნდა, დიდი დავით აღმაშენებლის სიბრძნითა და სიმამაცით. მსურს, გავიხსენო პატრიარქის სიტყვები, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს დღევანდელი დღის მნიშვნელობას - „დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია!“ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ღირსებითა და სამშობლოსათვის თავგანწირვით შეგვიძლია ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევა, საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გამთლიანება, უმთავრესი ეროვნული მიზნების მიღწევა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. გაძლიერებას, წინსვლას, გამთლიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს! ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის რეჟიმი, თავისი არსით, თავიდან ბოლომდე იყო დაპირისპირებული ყველაფერ ქართულთან.

„ყველგან ცდილობენ, რომ ხელოვნურად გახლიჩონ ხალხი, გახლიჩონ ქვეყანა. სხვა არაფერს შეიძლება უკავშირდებოდეს ის, რომ 16 წლის თავზე ცდილობ, რაღაც ცვლილებები შეიტანო იმ მოცემულობაში, რომელიც საყოველთაოდ არის აღიარებული. სხვანაირად ვერ აიხსნება, როდესაც შენ თვითონ იხსენებდი 8 აგვისტოს, ომის დაწყების თარიღს, თვითონ იხსენებდი კონკრეტულ თარიღთან მიმართებით სხვადასხვა ფაქტს და ახლა ცდილობ, ეს ყველაფერი შეცვალო. ეს მეტყველებს, რომ მათ სურთ, ხელოვნურად გახლიჩონ ხალხი, ქვეყანა და მათ სურთ საკუთარი დანაშაულის გადაფარვა. ისინი თარიღების ცვლილებითაც ცდილობენ, გადაფარონ საკუთარი დანაშაული, რომელიც 16 წლის წინ ჩაიდინეს.

სხვათა შორის, საინტერესოა ერთი ფაქტი. დღეს აღვნიშნავთ „დიდგორობას“ და თავის დროზე კაპიტულაციის შეთანხმებას სწორედ „დიდგორობა“ დღეს მოაწერა ხელი სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა. აქედან ჩანს, როგორი კონტრასტია ამ ხელისუფლებისა ქართულ სულთან. სააკაშვილის რეჟიმი, თავისი არსით, თავიდან ბოლომდე იყო დაპირისპირებული ყველაფერ ქართულთან და შემთხვევითი არ არის, რომ კაპიტულაციის შეთანხმებას მათ 16 წლის წინ, სწორედ „დიდგორობა“ დღეს მოაწერეს ხელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი