პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით ანაზღაურებად სტაჟირებაზე კონკურსი ცხადდება. აღნიშნულის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, შერჩევის მთავარი კრიტერიუმი აკადემიური მოსწრება იქნება, კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება, ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობა კი 3000-მდე კურსდამთავრებულს მიეცემა.
„ეს საკითხი დავამუშავეთ, მადლობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. უკვე ცხადდება კონკურსი, კურსდამთავრებულებს 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით განაცხადების შემოტანა შეეძლებათ. შერჩევის მთავარი კრიტერიუმი აკადემიური მოსწრება იქნება. უწყებებმა სპეციფიკის შესაბამისად განსაზღვრეს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები, 2-ეტაპიანი კონკურსი ჩატარდება, საბუთების გადარჩევა, შემდეგ იქნება, ასევე, გასაუბრებები და მთლიანობაში, 3000-მდე კურსდამთავრებული მიიღებს სტაჟირების გავლის შესაძლებლობას საჯარო სტრუქტურებში, რაც მათთვის შექმნის კარიერული წინსვლის მნიშვნელოვან საფუძველს, ისინი საჯარო სამსახურის სისტემაში შევლენ, საჯარო სისტემის ფუნქციონირებას გაეცნობიან, რამაც მომავალში ხელი უნდა შეუწყოს მათ კარიერულ წინსვლას და განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.