სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სასამართლოსთვის მიმართვა ნიშნავს, რომ აღიარებს ლეგიტიმაციას და პოლიტიკური კეთილსინდისიერება რომ ჰქონდეს, უნდა გადადგეს თანამდებობიდან - პაპუაშვილი

30 ივლისი 2024, 15:06 300 ნახვა
 

სალომე ზურაბიშვილის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა ნიშნავს, რომ ის აღიარებს მის ლეგიტიმაციას და რომ ჰქონდეს პოლიტიკური კეთილსინდისიერება, უნდა გადადგეს თანამდებობიდან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ.

„ეს, საერთო ჯამში, ერთი ორკესტრირებული კამპანიაა საქართველოს წინააღმდეგ და აქაც კარგად ვხედავთ, ვინ არის ჩაბმული ერთიან ორკესტრირებულ თავდასხმაში საქართველოს წინააღმდეგ. რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს, აქ ერთი საკითხია, რომ აქაც კიდევ ერთი ფარისევლობაა ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. სულ რამდენიმე თვის წინ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სხვადასხვა ეპითეტით მოიხსენიებდნენ, ლამის მონებად გამოაცხადეს მოსამართლეები იმისთვის, რომ იმპიჩმენტის გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ და დღეს

იმავე მოსამართლეებს მიმართავენ სამართლის საპოვნელად. ესეც კიდევ ერთი აბსურდია.

ხაზს ვუსვამ კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით სალომე ზურაბიშვილის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა ნიშნავს, რომ ის აღიარებს ლეგიტიმაციას და პოლიტიკური კეთილსინდისიერება რომ ჰქონდეს, უნდა გადადგეს თაამდებობიდან. ზუსტად საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს გამოტანილი განაჩენი მის მიმართ, რომ დაარღვია კონსტიტუცია და ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ შედგა იმპიჩმენტი, არის ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაარჩინა, შეინარჩუნა თანამდებობაზე. ვხედავთ, რისთვისაც სჭირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ზურაბიშვილი ამ თანამდებობაზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი