ტერორიზმისა და შეთქმულების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმეთა გამოკითხვა გრძელდება.
უწყებაში დღეს ალი ხანგოშვილი და გიორგი კუშტანაშვილი გამოიკითხნენ. მათ მედიის კითხვებს არ უპასუხეს და უარყვეს აღნიშნულ საქმესთან რაიმე ტიპის შემხებლობა. მას შემდეგ, რაც ტერორიზმისა და შეთქმულების მუხლებით მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, მოწმის სტატუსით უკვე გამოიკითხა 15-ზე მეტი პირი. გამოკითხვები ერთ კვირაზე მეტია გრძელდება და გამოკითხულთა ნაწილმა პროცესი მაგისტრი მოსამართლის წინაშე საქალაქო სასამართლოში გაიარა.
გამოკითხულთა შორის არიან როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველები, ასევე ბიზნესმენები. იქიდან გამომდინარე, რომ საქმეს გრიფი ადევს, დეტალები უცნობია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გამოსაკითხ პირთა წრე კიდევ უფრო გაიზარდოს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე.