კონსტიტუციის სამთავრობო პატივისცემის ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის დასახელდა. გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული კონსტიტუციის სამთავრობო პატივისცემის ინდექსის მიხედვით, საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 4 ბალიანი სისტემით 2,86 ქულა დაიმსახურა.
ანალოგიური შეფასება საქართველომ წინა წელსაც მიიღო. საქართველო მსოფლიო რეიტინგში 50 საუკეთესო ქვეყანას შორის 45-ე ადგილზეა.
კონსტიტუციის სამთავრობო პატივისცემის ინდექსი განიმარტება, როგორც „აღმასრულებელი ხელისუფლების (მთავრობის მეთაურის და მინისტრთა კაბინეტის) მხრიდან კონსტიტუციის დაცვა და პატივისცემა“. 2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია.
საქართველოს 2012 წელს კონსტიტუციის სამთავრობო პატივისცემის მიხედვით მსოფლიოში 93-ე პოზიცია ეკავა, შემდგომ 11 წლიან პერიოდში კი, მსოფლიო რეიტინგში 48 ადგილით დაწინაურდა.
2023 წლის შედეგებით საქართველო უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მნიშვნელოვან ნაწილს, დიდი შვიდეულის 2 სახელმწიფოს და ბევრ განვითარებულ ქვეყანას, კერძოდ: ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას, პორტუგალიას, ჩეხეთს, პოლონეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, კვიპროსს, მალტას, სამხრეთ კორეას, თურქეთს და ა.შ. „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე.
პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონალური მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.
ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება.