არ შეიძლება, ერთი მხრივ, თუნდაც ფორმალურად გერქვას მიუკერძოებელი დამკვირვებელი და მეორე მხრივ, პირდაპირ იყო ჩართული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ვინც არ უნდა დააფინანსოს რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია, მათი რეიტინგი დარჩება ის, რაც არის.
„არ შეიძლება, ერთი მხრივ, თუნდაც ფორმალურად გერქვას მიუკერძოებელი დამკვირვებელი და მეორე მხრივ, პირდაპირ იყო ჩართული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში. ეს აბსოლუტური შეუთავსებლობაა, თუმცა, ეს ყველაფერი არსებით გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე, მაგრამ დარღვევა რჩება დარღვევად და წინააღმდეგობა რჩება წინააღმდეგობად – არ შეიძლება, გერქვას დამკვირვებელი ფორმალურად მაინც და ამავდროულად, იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. შედეგზე ეს გავლენას ვერ მოახდენს. ვინც არ უნდა დააფინანსოს რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია, მათი რეიტინგი დარჩება ის, რაც არის. არანაირი რესურსი დღეს შესაბამის ძალებს არ აქვთ იმისათვის, რომ რადიკალურ ოპოზიციას მოუმატონ რეიტინგი, თუმცა ვხედავთ ამის მცდელობას. ეს არის უსუსური მცდელობა, რომ ერთი პროცენტი მაინც მოუმატონ რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, თუმცა, ესეც არის წარუმატებლობისთვის განწირული“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ პირდაპირი ძალისხმევა იყო, საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში. მისივე თქმით, ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა ასეთი აქტები არ და ვერ განხორციელდეს.
„როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, არავის უკვირს რეალურად, რომ ასეთი გეგმები შეიძლება ჰქონდეს რადიკალურ ოპოზიციას. ჩვენ, საბოლოო ჯამში, უნდა დავაკვირდეთ გამოძიებას, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გასაკვირი ეს ყველაფერი საერთოდ არ არის. მითუმეტეს, მათ შორის იმ ფონზე, რომ ერთ-ერთი ევროკომისრის პირით ჩვენ გარკვეული მესიჯიც შემოგვითვალეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. პირდაპირი გაფრთხილება იყო, რაც შემდეგ ევროკომისარმა აღიარა კიდეც, ერთადერთი კორექტივი რაც იყო, მან აღნიშნა, რომ ტყვიას ისროდა არა კონკრეტული მკვლელი, არამედ პოლარიზაცია, რაც გასაგებია, რასაც ნიშნავს. შესაბამისად, ყველაფრის გათვალისწინებით, ამ გზავნილის, საერთაშორისო და ადგილობრივი კონტექსტის და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელწერის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ასეთი რამ არავის უკვირს. ჩვენთვის მთავარია, რომ ყველანაირი ზომა მივიღოთ ასეთი ტიპის აქტების პრევენციისთვის.
ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ ასეთი აქტები არ და ვერ განხორციელდეს. ეს არის სახელმწიფოს ამოცანა. სახელმწიფო სტრუქტურები საქართველოში მუშაობს გამართულად, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ ასეთ გეგმებს თავიდან ბოლომდე დავუპირისპირდეთ. რაც შეეხება იმას, თუ ვის შეიძლება ჰქონდეს ასეთი ინტერესი, თქვენ ხედავთ, ზოგადად, ვის აქვს არასწორი, რბილად რომ ვთქვათ, ინტერესები საქართველოს მიმართ. იყო პირდაპირი ძალისხმევა იმისათვის, რომ საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, საქართველოში გახსნილიყო მე-2 ფრონტი, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და ამის გამო კონკრეტული ძალები არიან გაღიზიანებული, თუმცა ჩვენ ბოლომდე უნდა დავდგეთ ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე.