ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ერთ-ერთ მთავარ მიზნად რჩება, ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა შეუქცევადია - ილია დარჩიაშვილი

19 ივლისი 2024, 17:20 362 ნახვა
 

ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიზნად რჩება, უნგრელ კოლეგას კიდევ ერთხელ დავუდასტურე, რომ ჩემი ქვეყნის ევროპული გზა შეუქცევადია, განვაგრძობთ მუშაობას რეფორმებზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, საქართველო რჩება უსაფრთხოების უაღრესად საიმედო მოკავშირედ ევროკავშირისთვის.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროსაბჭოს გადაწყვეტილებამ ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან ახალ სტრატეგიულ დონეზე აიყვანა და მტკიცედ წარმართა საქართველოს მომავალი ევროკავშირთან. ყველაფრის მიუხედავად, ევროკავშირში გაწევრიანება რჩება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიზნად. ჩემს კოლეგას კიდევ ერთხელ დავუდასტურე, რომ ჩემი ქვეყნის ევროპული გზა შეუქცევადია. განვაგრძობთ მუშაობას საჭირო რეფორმების პროცესის წინ გადადგმასთან დაკავშირებით ერთობლივი ვალდებულებების შესაბამისად, მათ შორის ცხრა ნაბიჯის ჩათვლით, ასევე ასოცირების შეთანხმებისა და „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით.

ამ მიმართულებით გადამწყვეტია ეფექტური კომუნიკაციისა და დიალოგის შენარჩუნება ყველა ჩვენს კოლეგასთან და ევროკავშირთან, რათა გვქონდეს გულწრფელი, ღია აზრთამიმოცვლა. მხოლოდ ამით შეგვიძლია, დავძლიოთ განსხვავებები და მივიდეთ საერთო მიზნებამდე. ჩვენ ასევე განვიხილეთ საერთო პრიორიტეტების ფართო სპექტრი. ეს უფრო მეტ სტაბილურობასა და კეთილდღეობას მოუტანს ევროპას. საქართველო რჩება უსაფრთხოების უაღრესად საიმედო მოკავშირედ ევროკავშირისთვის, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი პარტნიორების უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

ამ მძიმედ დაპირისპირებულ რეგიონში ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს როლს, როგორც რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარებისა და თანამშრომლობის ძლიერ დასაყრდენს. ეს ძალისხმევა ასევე თანხვედრაშია ჩვენს საერთო ინტერესებთან, გამოვიყენოთ საერთაშორისო ვაჭრობის გამოუყენებელი პოტენციალი და ენერგიის, ტვირთების გადაზიდვის ალტერნატიული მარშრუტები შავ ზღვაში. საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია, როდესაც საქმე ეხება სტრატეგიული ინიციატივების მატერიალიზებას ევროკავშირის „გლობალურ კარიბჭეში. მივესალმებით უნგრეთის აქტიურ მონაწილეობას შავი ზღვის რეგიონში კავშირის გაძლიერების საკითხში. გვჯერა, საქართველოს ინიციატივებს, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, ასევე შავ ზღვაში საბორნე მიმწოდებლის სერვისების გაძლიერება, შეუძლია, ეფექტური გადაწყვეტილებები შესთავაზოს ენერგიის, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების, სასურსათო უსაფრთხოებისა და საიმედო ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით დღევანდელ მძიმე გეოპოლიტიკურ გარემოში. ჩვენ ვასრულებთ შეთანხმებით, რომ ხშირად გავცვალოთ აზრები ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგში“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში