საკრებულოს სხდომა ქობულეთში

19 ივლისი 2024, 14:05 699 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, საკრებულოს წევრებმა 69 საკითხი განიხილეს. მთავარი საკითხები სეზონური იჯარების გაცემას შეეხებოდა,  სხდომაზე ასევე იმსჯელეს  დაბა ჩაქვში არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საპრივატიზაციო საფასურის განსაზღვრაზე.

მმართველი პარტიის დეპუტატმა ეკა კოჭლამაზაშვილმა და გახარია საქართველოს წევრმა ია მესხიძემ  კითხვები დასვეს  სეზონურად გაცემული საიჯარო ობიექტებთან დაკავშირებით. მათი თქმით,  რიგ ობიექტზე დარღვეულია სტანდარტი, შეზღუდულია  მოძრაობა გზის სავალ ნაწილზე. ასევე ხშირ შემთხვევაში ჩახერგილია, ქვეითებისთვის და შშმ პირებისთვის განკუთვნილი სავალი ბილიკები.

საკრებულოს წევრები  აღნიშნული საკითხის გაკონტროლებას ითხოვენ. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, პროცესს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური აკონტროლებს, სამომავლოდ კი სტანდარტები გამკაცრდება. წელს პირველად შევიდა დადგენილებაში ცვლილება, რომლის თანახმადაც წელს იჯარებს საკრებულო გასცემს.

ცნობისთვის, ორი თვეა, რაც საკრებულოს სხდომებს ბოიკოტის ნიშნად, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები არ ესწრებიან. ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, სხდომის დაწყებამდე აღნიშნა,  ნაციონალურ მოძრაობას  არ აინტერესებს მოსახლეობის საჭიროებები და საკრებულოს სხდომებში არ ერთვება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში