''დინამო'' ბათუმი კონფერენს ლიგაზე მონტენეგროს ჩემპიონ ''დეჩიჩის'' დაუპირისპირდება

18 ივლისი 2024, 11:21 603 ნახვა
 

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოთიშვის შემდეგ ''დინამო'' ბათუმი კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს ასპარეზობას.

ბათუმური კლუბის მეტოქე მონტენეგროს ჩემპიონი ''დეჩიჩი'' იქნება. პირველი მატჩი 25 ივლისს ბათუმში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა 1 აგვისტოს მონტენეგროში ჩატარდება.

''დინამოს'' მომავალი მეტოქე გასულ სეზონში ისტორიაში პირველად გახდა მონტენეგროს ჩემპიონი. ''დეჩიჩი'' მონტენეგროს პატარა ქალაქის ტუზის კლუბია, სადაც 11 400 ადამიანი ცხოვრობს.

''დეჩიჩი'' სულ მესამედ ასპარეზობს ევროპულ საკლუბო საკვალიფიკაციო ეტაპზე და ვერცერთ შემთხვევაში ვერ გადალახა ბარიერი. ''დეჩიჩის'' გასული სეზონის ბომბარდირი 11 გატანილი გოლით ოლივერ საეკიჩი გახდა, რომელმაც კლუბი რამდენიმე დღის წინ დატოვა და კარიერა ''ბუდოჩნოსტში'' გააგრძელა.

მეტოქე კლუბის შემადგენლობაში ბათუმელებისთვის კარგად ნაცნობი მონტენეგროელი მცველი საშა ბალიჩი ასპარეზობს ,რომელიც 2023 წელს ''დინამო'' ბათუმში თამაშობდა. ''დეჩიჩის'' შემადგენლობა ''ტრანსფერმარკეტზე'' 4,4 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ''დინამო'' ბათუმი 25 ივლისს ''ბათუმი არენაზე'' ''დეჩიჩს'' უმასპინძლებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში