საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ ჩემპიონებს მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებს ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს 250 ათას ლარს გადასცემს

16 ივლისი 2024, 17:20 119 ნახვა
 
საქართველოს მთავრობა ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებისთვის ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებისთვის 250 ათას ლარს გამოყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლპმიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ტრადიციულად წესდება ხოლმე პრემია ოლიმპიური თამაშების წინ და ამ შემთხვევაშიც მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის, ნახევარი მილიონი ლარი ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250 ათასი ლარი ბრინჯაოს პრიზიორებისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენ დამატებითი მოტივაცია არ გჭირდებით, იმისთვის, რომ ბოლომდე იბრძოლოთ ჩემპიონობისთვის, მაგრამ ეს არის დამატებითი ფაქტორი, რომელიც თქვენს მოტივაციას ალბათ, დამატებით აამაღლებს.

 

მინდა, დაგპირდეთ საქართველოს მთავრობის სახელით, რომ კვლავაც გაგრძელდება მხარდაჭერა ქართული სპორტის, ქართველი ოლიმპიელების, ოლიმპიური გუნდის მიმართ და ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება წლიდან წლამდე. მინდა, გისურვოთ დიდი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა წარმატებები უსურვა სპორტსმენებს და ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრების წინ გისურვოთ წარმატებები თითოეულ თქვენგანს, სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს.

მომდევნო კვირების განმავლობაში მთელი ჩვენი საზოგადოების ყურადღება თავიდან ბოლომდე ოლიმპიურ თამაშებზე იქნება მიმართული. თქვენ იცით, რამდენად დიდია ინტერესი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქართული სპორტის მიმართ და რა თქმა უნდა, ოლიმპიური თამაშები არ იქნება ამ თვალსაზრისით გამონაკლისი.

თავისთავად უკვე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა არის ძალიან დიდი წარმატება, ძალიან დიდი პატივი და ეს პატივი მინდა თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ, მაგრამ აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ოლიმპიური ტრადიციული დევიზი – მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება – ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ქართველებისთვის ყოველთვის მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა. ჩვენთვის განმსაზღვრელი, მთავარი არის, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე, რაც შეიძლება მეტი ჩემპიონი, რაც შეიძლება მეტი მედალი და დარწმუნებული ვარ, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები იქნება აბსოლუტურად გამორჩეული ჩვენი გუნდისთვის ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა სპორტის გუნდურ სახეობებში, ბოლო პერიოდის განმავლობაში, მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა თავისი ოლიმპიური ტრადიციებით.  ვეტერან ოლიმპიელების ამ უდიდესი ტრადიციის შექმნისთვის კი მადლობა გადაუხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში