ირაკლი კობახიძე თუშეთში, „მთის დღეები 2024“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო

13 ივლისი 2024, 17:23 349 ნახვა

მიხარია, რომ ვარ თუშეთში, სადაც აღვნიშნავთ „მთის დღეებს“, „თუშეთობას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თუშეთში განაცხადა, სადაც „მთის დღეები 2024“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

ირაკლი კობახიძემ ადგილობრივ მოსახლეობას ფესტივალის გახსნა და „თუშეთობა“ მიულოცა.

„აქაურობა არის ულამაზესი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სილამაზეს და ტრადიციებს უფრთხილდება. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დღეების აღნიშვნა, რაც, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება,“- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მაღალმთიან რეგიონებში „მთის დღეები“ იმართება. ფესტივალს დღეს თუშეთი, ხევსურეთი, მესტია და ყაზბეგი მასპინძლობს; 20 ივლისს კი ღონისძიებები ბახმაროში, გორდში, გოდერძისა და ცაგერში გაიმართება.

მთავრობის მეთაურმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი რეწვის ოსტატების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა დაათვალიერა, მონაწილეობა მიიღო კულინარიულ მასტერკლასში და მთის ერთგულებისა და მის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ადგილობრივების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი