ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა, გაუგებარი არ არის - ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს გარკვეული პირებისგან, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრებისგან და ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა, - ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს ელჩი, რობინ დანიგანი, აშშ-ს თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება.
რობინ დანიგანის თქმით, ახლა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადახედვის პროცესი მიმდინარეობს.
„ამ საკითხზე ჩვენ ვისაუბრეთ და სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა, შესაბამისად, ამ კონტექსტში მოხდა აღნიშნული წვრთნების გაუქმება, რადგან ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს გარკვეული პირებისგან, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრებისგან და ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა. სწორედ, ამიტომ სამწუხაროა, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები დაბალანსდება”, - განაცხადა დანიგანმა.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა საქართველო-შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. ამ გადახედვის ნაწილად, შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში სწავლებებს „ღირსეული პარტნიორი“, რომელთა ჩატარებაც 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი.