14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

02 ივლისი 2024, 17:04 416 ნახვა

თელავის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე მამუკა წიკლაურმა მიიღო.

აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მკვლელობაში ბრალდებული ასიმ სადიკოვი ოთხი მუხლით გაასამართლეს. ესენია: მე-11 პრიმა 109-ე მუხლი, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს; 143-ე - თავისუფლების უკანონო აღკვეთა; 140-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და 236-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას.

საგამოძიებო მასალების მიხედვით, 14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში გასული წლის 6 ოქტომბერს მოკლა ასიმ სადიკოვმა, რომელმაც მანამდე რამდენიმე თვით ადრე გოგო იძულებითი ქორწინების მიზნით გაიტაცა.

ათაჯ შახმაროვას საქმის ირგვლივ კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული. მათ შორის აითაჯის დედა და ბიძა. დაკავებული არიან, ასევე მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი. ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

იმის გამო, რომ   საქმე სქესობრივ დანაშაულს ეხებოდა, სასამართლო პროცესი  მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი