ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება განათლება, ჯანდაცვა, ფუნდამენტურ ცვლილებებს შემოგთავაზებთ - პრემიერი

28 ივნისი 2024, 15:29 268 ნახვა

ყველას გახსოვთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის ქართველი ხალხის ბრძოლა 80-იანი წლების ბოლოდან 90-იანი წლების დასაწყისში და ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.

"დღესაც გრძელდება ბრძოლა, რათა ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული გზა და თქვენ იცით, რა არის უმთავრესი ეროვნული ამოცანები. მანამდე, მინდა, ვისაუბრო ძირითად გამოწვევებზე, რომლებთანაც მოგვიწევს შეჭიდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. პირველი არის დემოგრაფია. მიუხედავად ეკონომიკური ზრდისა, ჩვენ დასავლეთ ევროპულთან შედარებით კვლავაც დაბალი ეკონომიკური მაჩვენებელი გვაქვს, თუმცა ტენდენციები ისეთია, რომ, სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, ცხოვრების დონე წამოეწევა მაგალითად, იგივე გერმანიაში მოსახლეობის ცხოვრების დონეს და სხვაობა შემცირდება ორმაგამდე, მაშინ, როდესაც 2012 წელს გერმანიაში მოქალაქე ცხოვრობდა ოთხნახევარჯერ უკეთესად, ვიდრე საქართველოს მოქალაქე. სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, მოსახლეობის ცხოვრების დონის თვალსაზრისით, 2029 წლისთვის მხოლოდ ორმაგამდე შემცირდება სხვაობა გერმანიასა და საქართველოს შორის. მნიშვნელოვანია ამ ტენდენციის შენარჩუნება. ეკონომიკური ზრდა დადებითად აისახება დემოგრაფიაზეც, თუმცა იმ პირობებში, როდესაც, მაგალითად, გერმანიაში სამჯერ უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე საქართველოში, რა თქმა უნდა, სერიოზული გამოწვევებია გამოცდილების გადინების კუთხით, გვაქვს სხვადასხვა ტიპის დემოგრაფიული გამოწვევები. მომდევნო ოთხწლიან პროგრამაში ამ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა;

სიღარიბის დაძლევა არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა. ამ მიმართულებით გვაქვს მუდმივი პროგრესი, მუდმივი ციფრების შემცირება, თუმცა მაქსიმალურად უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა და ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანაა, საბოლო ჯამში, სიღარიბის განულება ქვეყანაში;

განათლება და ჯანდაცვა - სოციოლოგიური კვლევებიც ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული მოთხოვნაა რეფორმებზე. მინდა, წინასწარ დავაანონსო, რომ ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება განათლება, ასევე ჯანდაცვა. ამ მიმართულებით ფუნდამენტურ ცვლილებებს შემოგთავაზებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი