იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ დასანიშნი წევრის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

21 ივნისი 2024, 15:57 330 ნახვა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ დასანიშნი წევრის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევად პრეზიდენტმა დამოუკიდებელი კომისია შექმნა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წლის 22 ივლისს უფლებამოსილების ვადა ეწურება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს.

„2024 წლის 21 ივნისს გამოცხადდა კონკურსი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურის შესარჩევად. განცხადებები მიიღება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2024 წლის 2 ივლისამდე; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევად პრეზიდენტმა დამოუკიდებელი კომისია შექმნა. არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისისა საქართველოს პრეზიდენტი დანიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის მთავარი ნაბიჯები ასახულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ შედგენილ „ქართულ ქარტიაში“. ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობის და მათ შესახებ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეფასება-შემოწმება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კომისიის მიერ.

პრეზიდენტი უფლებამოსილია დისკრეციულად შეარჩიოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნოს კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი, მათგან, ვინც აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

აღნიშნულის მიუხედავად, კანდიდატების შერჩევის პროცესის სრული გამჭვირვალობისთვის, ასევე შერჩეული კანდიდატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 21 ივნისს შეიქმნა დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია. შესარჩევი კომისია შეისწავლის კონკურსში მონაწილეთა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;

ასევე და უმთავრესად, კანდიდატების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე და მათთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად, კომისია შეაფასებს კანდიდატების კვალიფიკაციას, რეპუტაციას, დამოუკიდებლობასა და კეთილსინდისიერებას და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს რეკომენდაციებს კანდიდატების შესახებ.

კომისიის შეთავაზება სარეკომენდაციო ხასიათისაა და არ ზღუდავს საქართველოს პრეზიდენტს შესარჩევ კონკურსში მონაწილეებს შორის კანდიდატის შერჩევაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის პროცესს, ადმინისტრაციის ცნობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება 2024 წლის 2 ივლისამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი