თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები დადიან არა მოსკოვში, არამედ ვაშინგტონში, რათა რამენაირად დააზარალონ ჩვენი ქვეყანა - პრემიერი

06 ივნისი 2024, 15:11 449 ნახვა

თავის დროზე, ერთი საუკუნის წინ, 1920-1921 წლებში ზუსტად ასეთი წერილები იგზავნებოდა მოსკოვში, ზუსტად ასე ჩადიოდნენ მოსკოვში, ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ, ასეთი ინფორმაციები ჩაჰქონდათ და ა.შ. ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში მიგვიყვანა საქართველოს ოკუპაციამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ კონგრესმენ ჯო უილსონისთვის გაგზავნილ წერილს შეეხებოდა.

კობახიძის თქმით, „დღეს ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეს ადამიანები, თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები დადიან არა მოსკოვში, არამედ ვაშინგტონში, რათა რამენაირად დააზარალონ და დააზიანონ ქვეყანა“.

„ეს არის, რა თქმა უნდა, ღალატი. ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება გაკეთდეს, არის ღალატი. ყველგან ერთსა და იმავეს ველოდებით. როცა ადამიანი არის მოღალატე, ერთნაირად გიღალატებს ვაშინგტონშიც, ბრიუსელშიც და ბერლინშიც. აქედან გამომდინარე, მათგან არ ველოდებით რაიმე განსხვავებულ დამოკიდებულებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც საქართველოს კონტექსტში იხსენებენ იმ პროცესებს, რომელიც 2014 წელს უკრაინაში განვითარდა.

"მაიდანს რაც შეეხება, აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც საქართველოს კონტექსტში იხსენებენ იმ პროცესებს, რომელიც 2014 წელს განვითარდა უკრაინაში. მაიდნამდე უკრაინა იყო ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა. ეკონომიკა იყო თითქმის 200 მილიარდი დოლარი და ეკონომიკა იყო მუდმივი, ყოველწლიური აღმავლობის გზაზე. ამის შემდეგ უკრაინა კარგავს ტერიტორიების 20%-ს, დაღუპულია ათიათასობით ადამიანი, ეკონომიკა არის კატასტროფულ მდგომარეობაში, ინფრასტრუქტურა არის განადგურებული, მოსახლეობის ერთი მეოთხედი, დაახლოებით 10 მლნ არის ან დევნილი, ან ლტოლვილი, ქვეყნიდან გასულია დაახლოებით 7-8 მილიონი, 90% არიან ქალები და ბავშვები. რამდენიმე მილიონი ადამიანი ქვეყნის შიგნით დევნილებად არიან ქცეული და ეს ყველაფერი მოიტანა მაიდანმა. როდესაც ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ უკრაინაში ამ პროცესების განვითარების გამო, ჩვენ გვემუქრებიან მაიდნით, ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად მიუღებელი“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი