ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა გამოთქვა იმედი, რომ ყველა სათანადოდ გაიაზრებს ურთიერთობების გადატვირთვის, გაჯანსაღების მნიშვნელობას და ნაბიჯებიც გადაიდგმება.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. მთავარია, ვიხილოთ ასევე შემხვედრი ნაბიჯები. შანტაჟის ენაზე როდესაც არის საუბარი, ეს არ არის კარგი, ეს ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას. აქედან გამომდინარე,მაქვს იმედი, რომ ყველა სათანადოდ გაიაზრებს ურთიერთობების გადატვირთვის და გაჯანსაღების მნიშვნელობას და ნაბიჯებიც გადაიდგმება. მახსოვს, ერთ-ერთი კონფერენცია გაიმართა, ალბათ 2018 ან 2019 წელს, ეს კონფერენცია ეხებოდა დათქმებით საგარეო დახმარების გაწევის პერსპექტივას. მაშინდელმა ელჩმა, იან კელიმ გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ამერიკის შემთხვევაში დათქმებს არ ჰქონდა მაინცდამაინც დიდი დატვირთვა, რადგან ამერიკული დახმარება ძირითადად ხორციელდებოდა „ენჯეოების“ მეშვეობით.
აქედანაც შეგიძლიათ, თავად გამოიტანოთ დასკვნები - როდესაც საქმე ეხება „ენჯეოების“ დაფინანსებას, ამას ნამდვილად ვერ დავარქმევდი დახმარებას. გზებს რაც შეეხება, გზებს აშენებს სამინისტრო, არის ხოლმე ხანდახან სესხები, ამერიკული ნაკლებად. გზებს აშენებს ქართული სახელმწიფო იმ თანხებით, რომელთაც მობილიზება ხდება გადასახადების მეშვეობით. ჩვენი მოქალაქეები იხდიან გადასახადებს და ამ გადასახადების მეშვეობით იგება ქვეყანაში გზები“, - განაცხადა პრემიერმა.