გვმართებს სიფრთხილე, გონიერება, სიმტკიცე და არ უნდა დავუშვათ რაიმე არაპროგნოზირებადი განვითარება ქვეყნის შიგნით - ირაკლი ღარიბაშვილი

02 ივნისი 2024, 14:03 297 ნახვა

გვმართებს სიფრთხილე, გონიერება, სიმტკიცე და არ უნდა დავუშვათ რაიმე არაპროგნოზირებადი განვითარება ქვეყნის შიგნით. ამიტომ, ჩვენი პარტია ემზადება და მოემზადება ამ არჩევნებში, უკვე, მეოთხე ვადით გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„დღეს დავასრულე ეს რეგიონული ტურნე, დღეს იყო მეათე შეხვედრა. თელავში შევხვდი ჩვენი პარტიის აქტივს. ბუნებრივია, ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე.

 

მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, იყო არჩევნების საკითხი, რომ პარტია ემზადება იმისთვის, რომ დამაჯერებლად გაიმარჯვოს. მე პარტიის აქტივს გავუზიარე მთელი რიგი ინფორმაცია და ჩვენი ანალიზი მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, შევახსენეთ საზოგადოებას, თუ რა არჩევანის წინაშე დადგება ჩვენი ხალხი, ამ არჩევნებზე. არჩევანი ძალიან მარტივი იქნება - ერთ მხარეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება და მეორე მხარეს არეულობა, ქაოსი და ომი.

 

ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება, ვინაიდან მეორე მხარეს არ არსებობს სხვა ეროვნული პატრიოტული პოლიტიკური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს და გარანტირებულად გააგრძელებს მშვიდობიან სტაბილურ განვითარებას. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ეს დეგრადირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტი და ეს ძალები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანას ანგრევდნენ და მოუტანეს უზარმაზარი ზიანი, ისევ, სთავაზობენ ჩვენს ქვეყანას არასტაბილურობას, ომს, არეულობას და ქაოსს.

 

აი, ამ არჩევანის წინაშე დგას დღეს ჩვენი ხალხი. ამ შიდა სიტუაციას, კიდევ უფრო, ართულებს უცხოეთში არსებული ვითარება, რეგიონში არსებული სიტუაცია. დღეს, კიდევ ერთხელ, შევეხეთ საუბარში უკრაინის ომს და ეს ომი არ ჩერდება. გვესმის რიტორიკა ბირთვული ომის, მესამე მსოფლიო ომის ალბათობის შესახებ, ამიტომ ასეთ რთულ არაპროგნოზირებად გარემოში, ჩვენ გვმართებს სიფრთხილე, გონიერება, სიმტკიცე და არ უნდა დავუშვათ რაიმე არაპროგნოზირებადი განვითარება ქვეყნის შიგნით. ამიტომ, ჩვენი პარტია ემზადება და მოემზადება ამ არჩევნებში, უკვე, მეოთხე ვადით გამარჯვებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი კახეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მხარეში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი