დღევანდელ დღეს, 1 ივნისს, სამინისტრო გამოდის ინიციატივით, დავიწყოთ ბავშვებისთვის სისხლის უანგარო დონაციის კამპანია, რაც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, – ამის შესახებ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძემ ბავშვებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ პირველი ივნისი გვახსენებს, რომ ბავშვის ინტერესი არა მხოლოდ ამ დღეს, არამედ წლის ყოველ დღეს უმთავრესია.
„დღეს პირველი ივნისია, ბავშვთა დაცვის დღე. ყველა ბავშვს ვულოცავ, ამ გულითად დღეს და თითოეულ ბავშვს ვუსურვებ საუკეთესო მომავალს, კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას. ყველას მოვუწოდებ, რომ ბავშვის ინტერესი და უფლება არასდროს მოექცეს სხვა რომელიმე ინტერესის ჩრდილში. პირველი ივნისი არის არა მხოლოდ ბავშვის უფლებების ამ დღეს დაფასებისთვის, არამედ ეს არის დღე იმის შესახსენებლად, რომ ბავშვის ინტერესი წლის ყოველ დღეს არის უმთავრესი.
ჩვენი მიზანია, ჩვენს მომავალ თაობას, ბავშვებს არაფერი აკლდეთ კეთილდღეობისთვის, ამიტომ დღევანდელ დღეს, პირველ ივნისს სამინისტრო გამოდის ინიციატივით, დავიწყოთ ბავშვებისთვის სისხლის უანგარო დონაციის კამპანია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ შევკრებთ და გავაერთიანებთ ყველას, ვისაც ექნება ამ კამპანიაში მონაწილეობის სურვილი, რათა დაცული და უზრუნველყოფილი იყოს ყველას ჯანმრთელობის უფლება, უპირველესად ბავშვების“, – განაცხადა მინისტრმა.