ოპოზიციამ ვერც ერთხელ ვერ გაბედა, ინტერპელაციით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიემართა. ესეც აჩვენებს, თუ როგორი უნარები აქვთ და საერთოდ, რამდენად შემძლე არიან შინაარსობრივ დისკუსიებში შესვლაზე, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, ოპოზიციას შეეძლო, პრემიერ-მინისტრისთვის ინტერპელაციით მიემართა, მაგრამ დისკუსიასა და დებატებში შესვლა ვერ გაბედეს.
„ესეც აჩვენებს, რომ მყვირალა ფრაზების უკან სინამდვილეში რადიკალური დღის წესრიგის მქონე რამდენიმე ადამიანის ჯგუფი დგას, რომელიც თავს პოლიტიკოსს უწოდებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წევრების მიერ გამოცხადებული ბოიკოტის გამო, პარლამენტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს ინტერპელაციის წესით, 31 მაისს აღარ მოუსმენს.
„პლენარული სხდომების განსახილველ საკითხებში ჩვენ გვქონდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინტერპელაცია, რომელიც ბახმაროს საკითხს შეეხებოდა. ინტერპელაციის მომართვა დეპუტატების შვიდკაციანი ჯგუფის მიერ მომზადდა, მაგრამ ვინაიდან მათ ბოიკოტი გამოაცხადეს, როგორც ჩანს, საკუთარ ინტერპელაციასაც ბოიკოტი გამოუცხადეს და ის არ შედგება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საპარლამენტო მუშაობასთან თუ რა დამოკიდებულება აქვთ, მათ შორის მოსახლეობის ინტერესებთანაც, რომელსაც ისინი თითქოსდა წარმოადგენენ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.