უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ იმოქმედა ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად - პრემიერი

28 მაისი 2024, 20:00 443 ნახვა

ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული და მხოლოდ ქართველი ხალხის წინაშე არის ანგარიშვალდებული, იმოქმედა სწორედ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად და შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევას და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოოდ მიღებას. ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული და მხოლოდ ქართველი ხალხის წინაშე არის ანგარიშვალდებული, იმოქმედა სწორედ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად და შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად. როგორც არაერთგზის აღინიშნა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობას საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს, ხოლო უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, უცხოელების კრიტიკის ფონზე, მხარდაჭერას მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი უცხადებს.

 

გასულ დღეებში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კანონის წინააღმდეგ არცერთი არგუმენტი არ არსებობს. საქართველოს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის უსუსური მდგომარეობა ამ ფაქტის კიდევ ერთი უტყუარი დასტური იყო. შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს – უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიერ წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციის გამოქვეყნებას. შეუძლებელია ამგვარი კანონის წინააღმდეგ რაიმე არგუმენტი არსებობდეს“, - აღნიშნა პრემიერმა.

კობახიძის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხელს შეუწყობს ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებას – დეპოლარიზაციას.

"ჩემთვის გასაგებია იმ ძალების აღშფოთება, რომლებიც გაუმჭვირვალობით სარგებლობას, საქართველოში რევოლუციის მოწყობას, მეორე ფრონტის გახსნას და საქართველოს უკრაინიზაციას გეგმავდნენ. დღეს მათ იმედები გაუცრუვდათ, რადგან უცხოური გავლენის გამჭვირვალობა ამგვარ სცენარს ეფექტურად დააზღვევს. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ამით უერთგულა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.

 

ხაზი უნდა გაესვას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხელს შეუწყობს ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებას – დეპოლარიზაციას. გარდა ამისა, საქართველოს დამშვიდება ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და სწრაფ ეკონომიკურ ზრდას წაახალისებს. აქედან გამომდინარე, გამჭვირვალობის შესახებ კანონი შექმნის უკეთეს ნიადაგს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა პრემიერმა. 

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ნებისმიერ დროს არის მზად საჯარო დისკუსიისთვის.

„საქართველოში არსებობს პოლიტიკური უმრავლესობა და პოლიტიკური უმცირესობა. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის, პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლებს. ისინიც არიან ჩვენი მოქალაქეები. სწორედ ამიტომ, მე არაერთგზის შევთავაზე საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, ჩვენი კანონის ოპონენტებს, სხვადასხვა კუთხით, მოსულიყვნენ და ერთად მიგვეღო მონაწილეობა საჯარო დისკუსიაში, თუმცა მათ არ ისურვეს. ნებისმიერ დროს ვართ მზად საჯარო დისკუსიისთვის. ჩვენი მხრიდან ყოველთვის არის ღიაობა, მოვუსმინოთ არა მხოლოდ პოლიტიკური უმრავლესობის, არამედ პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლებს“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი