საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის, 27 მაისიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
„დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან, მხოლოდ, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 27 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს.