როგორც იურისტმა, შემიძლია, ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი - პრემიერი

23 მაისი 2024, 09:45 400 ნახვა

წავიკითხე გამოგზავნილი დოკუმენტი და როგორც იურისტმა, შემიძლია, ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, დოკუმენტში უამრავი აბსურდული ჩანაწერი და ტყუილია. პრემიერის განცხადებით, დასკვნაში მსჯელობა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშეა წარმოდგენილი.

"უბრალოდ, უხერხულობას ვგრძნობდი, როგორც იურისტი, როდესაც ამ დოკუმენტს ვკითხულობდი, იმდენად უსუსური იყო ის სახე, რომელიც აჩვენა ვენეციის კომისიამ ამ დოკუმენტით. არაფერი აქვთ სათქმელი და უბრალოდ არის სავსე აბსურდული ჩანაწერებით და, მათ შორის, ტყუილებით. უამრავი სიცრუე გხვდებათ თქვენ ვენეციის კომისიის დოკუმენტში და ამ სიცრუესთან ერთად არის სრულიად აბსურდული სამართლებრივი მსჯელობა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, მაგრამ საზოგადოება უყურებს, საბოლოო ჯამში, არა იმას, რა თქვა ვენეციის კომისიამ, არამედ იმას, სად არის სიმართლე და ეს არის ერთ-ერთი სერიოზული მიღწევა, რაც ჩვენ გვაქვს ამ ორი-სამი წლის განმავლობაში.

 

ამიტომ ვამბობთ ხოლმე ხშირად, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული, როგორც არასდროს. ამაში, მათ შორის, იგულისხმება ის, რომ საზოგადოება უფრო მეტად აფასებს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. ანუ დამოუკიდებლობის ფასი დღეს უფრო მეტად აქვს გააზრებული ქართულ საზოგადოებას, ვიდრე ჰქონდა თუნდაც სამი-ოთხი წლის წინ“, - აღნიშნა პრემიერმა პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“.

ირაკლი კობახიძემ კანონთან დაკავშირებით თქვა, რომ ხელისუფლებას ყველა სცენარი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. განმარტა, რომ პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობა და არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობაც სწორედ პოლარიზაციის დასასრულებლად არის საჭირო.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი