არასერიოზულია საუბარი სანქციებთან დაკავშირებით, თუ საუბარია ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, ასეთ არასერიოზული თემების წამოწევა კონტრპროდუქტიულია - პრემიერი

14 მაისი 2024, 22:38 315 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან ორმხრივ შეხვედრაზე სანქციების საკითხი არ განხილულა.

როგორც ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი იყო დე ფაქტო სანქციებზე, რომელიც დაწესებულია ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

„კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ სანქციები არავითარი ფორმით არ იყო ნახსენები ორსაათნახევრიან შეხვედრაზე, რომელიც შედგა ჩვენ შორის. რაც შეეხება ბრიფინგს, ეს ბრიფინგი მე მოვისმინე, თუმცა სანქციები ნახსენები არ იყო ორმხრივ შეხვედრაზე არავითარი ფორმით. ჩვენ გვქონდა განხილვა დე ფაქტო სანქციებზე, რომელიც არის დაწესებული უკვე ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, თუმცა ამ შეხვედრაზე ფორმალურ სანქციებზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი.

 

პრინციპში ჯობია ხოლმე, თუ რაიმე განცხადება უნდა გაკეთდეს მოგვიანებით, ჯობია, ორსაათნახევრიან შეხვედრაზე რაიმე მინიშნება მაინც მოგვცენ ამასთან დაკავშირებით, ეს ეტიკეტის საქმეა, თუმცა ეს არ არის ჩვენი საქმე მით უმეტეს, რომ აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი სანქციებთან დაკავშირებით და ზოგადად თუ საუბარია ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, ასეთ პირობებში ასეთ არასერიოზული თემების წამოწევა არის მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიული შემიძლია, ცალსახად გითხრათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ პარტნიორებს მოუწოდა იფიქრონ პარტნიორობაზე და არა კონტრპროდუქტიული ნაბიჯების გადადგმაზე. მისივე განმარტებით,  ეს სწორედ მათთვის იქნება დამაზიანებელი.

" ჩვენ არ გვინდა, რომ აშშ-ის რეპუტაცია დაზიანდეს და ჩვენი მოწოდებაა ჩვენი პარტნიორების მიმართ, რომ იფიქრონ პარტნიორობაზე და არა კონტრპროდუქტიული ნაბიჯების გადადგმაზე, ეს პირველ რიგში, სწორედ მათთვის იქნება დამაზიანებელი, ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს ბუნებრივია, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, კიდევ უფრო მეტად გამყარდება ჩვენი პოლიტიკური გუდის მხარდაჭერა. ამიტომ კიდევ ერთხელ, პრაგმატულობისკენ მოვუწოდებ ყველას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში