კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, ვიზრუნოთ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის, რაც პირადად დავუდასტურე ო’ბრაიენსაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შედგა გულწრფელი საუბარი ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება საქართველოსა და აშშ-ს ორმხრივ ურთიერთობებს.
„ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა ბატონ ო’ბრაიენთან. გაგრძელდა ორ საათნახევარი, როცა ერთიო საათი იყო დაგეგმილი. იყო ძალიან გულწრფელი შეხვედრა. ჩვენ გულწრფელად ვისაუბრეთ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საქართველოსა და აშშ-ს ორმხრივ ურთიერთობებს. მათ შორის, გვქონდა გულწრფელი საუბარი იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც წარიმართა ჩვენს ქვეყანაში გასული სამი წლის მანძილზე. ჩვენ ავუხსენით, განვუმარტეთ ყველაფერი ბატონ ო’ბრაიენს. ჩვენ ასევე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი სურვილი და მზაობა, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე. ეს არის სურვილი, მთავარია, რომ მეორე მხრიდანაც მივიღოთ სათანადო დამოკიდებულება, სამართლიანი დამოკიდებულება. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. თუ იქნება ასეთი დამოკიდებულება, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მივაღწევთ წარმატებებს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გზაზე.
ჩვენ გვქონდა საუბარი მათ შორის უშუალოდ კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ჩვენ განვუმარტეთ ყველა დეტალი ბატონ ო’ბრაიენს, რაც დაკავშირებულია ამ კანონთან. თუ იქნება რაიმე შენიშვნები, ვართ მზად დისკუსიისთვის, ეს მზაობა ბატონ ო’ბრაიენსაც დავუდასტურე. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ძალიან ბევრი რამ გახდა ცხადი ჩვენი პარტნიორისთვის, იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, რაც ხდებოდა ამ ორმხრივ ურთიერთობებში გასული სამი წლის მანძილზე. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის, რაც პირადად დავუდასტურე ო’ბრაიენსაც“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ო’ბრაიენთან ხანგრძლივი, ორსაათნახევრიანი დიალოგი შედგა, საერთოდ არ ყოფილა ნახსენები სანქციები.
„რაც შეეხება დე-ფაქტო სანქციას. ფორმალური სანქციები არის ცალკე საკითხი, მაგრამ რაც შეეხება დე-ფაქტო სანქციას, ეს დე-ფაქტო სანქცია მოქმედებს. ამასთან დაკავშირებით, მე ბევრად მეტი დეტალი გავაცანი ბატონ ო’ბრაიენს. ვისაუბრე მაგალითად გარკვეულ შეხვედრაზე, რომელიც შედგა ამ თანხის გაყინვის შემდეგ, გარკვეული მოთხოვნა იყო წამოყენებული ამ შეხვედრის და ა.შ. ამ თემებზე მე აქ ვერ ვისაუბრებ დეტალურად, მაგრამ მთელი რიგი დეტალები გავაცანი ბატონ ო’ბრაიენს ამასთან დაკავშირებით. ვერ ვიტყვი, არ ვიტყვი, უსაფრთხოების უხერხული თემებია, ამიტომ მოვერიდები. მე არ მინდა, რომ ზედმეტად დავაზიანო მთელი რიგი სუბიექტების, მათ შორის პარტნიორების რეპუტაცია. ხალხში უნდა დარჩეს დადებითი აღქმა მთელ რიგ პარტნიორებთან მიმართებით. ამიტომ დეტალებს ვერ ვიტყვი, ზოგადად დაახლოებით მოგახსენეთ, რაზეც იყო საუბარი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, 2008 წელს დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა მიხეილ სააკაშვილს უარი, ეს იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ. ასევე 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ და უშუალოდ უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 კვირაში, პრაქტიკულად გაიყინა მისი ანგარიში, რასაც მოჰყვა ასევე სხვა ნაბიჯები. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს აქვს სრული უფლება, რომ ჰქონდეს შესაბამისი აღქმა დე-ფაქტო სანქციასთან დაკავშირებით. ბევრი დეტალია ამის უკანაც, რაც იძლევა ძალიან მყარი აღქმის არსებობის უფლებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის რეალურად დე-ფაქტო სანქცია, რომელიც დაწესდა იმის საპირწონედ, რომ კონკრეტულ, ქვეყნისთვის დამაზიანებელ ნაბიჯზე არ წავიდა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.