პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტს არ უერთდება. როგორც პარტიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, პარტია აგრძელებს ბრძოლას ყველა ტრიბუნის, ყველა საშუალების გამოყენებით, ქუჩაშიც და პარლამენტშიც.
მისივე თქმით, თუ საზოგადოებას უნდა „ქართული ოცნების“ დამარცხება, საჭიროა ბრძოლა გაათმაგებული შემართებით.
"ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ყველა ტრიბუნის, ყველა საშუალების გამოყენებით, ქუჩაშიც და პარლამენტშიც. „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ კომფორტს მალულად და ფარულად, თავის ჭკუაზე მიეღოთ კანონი ისე, რომ ხმა არ გასულიყო პარლამენტის შენობიდან. თუ გვინდა ისინი დავამარცხოთ და საბოლოოდ წერტილი დავუსვათ, გვჭირდება ბრძოლა გაათმაგებული შემართებით“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადეს. ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა „სტრატეგია აღმაშენებელიც“.