უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე სამი საათი რჩება. ხვალიდან საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ევროპაში მოგზაურობა უვიზოდ, ბიომეტრიული პასპორტებით შეეძლებათ. ისტორიული თარიღის აღსანიშნავად თბილისში ამ წუთებში ევროპის მოედანზე გალა-კონცერტი იწყება. რომელშიც მონაწილეობას იღებენ, სოლო შემსრულებლები, ასევე ბენდები, ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით, ოპერის ქალთა გუნდი. მოეწყობა ინსტალაციები, განათდება საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. --- უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციასა და განახლებულ შეჩერების მექანიზმს, ოფიციალურად 1 მარტს მოაწერეს ხელი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა. მანამდე, 27 თებერვალს ბრიუსელში საკითხს ევროკაშირის მინისტრებმა საბოლოოდ დაუჭირეს მხარი. ევროპარლამენტში კი კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე თებერვლის დასაწყისში გაიმართა. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას 553-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 66-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, სამ საათზე ნაკლები რჩება იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროპისკენ საზღვარი, გამარტივებულად, უვიზოდ გადაკვეთონ. რეგულაციებისა და პროცედურების შესახებ გამოშვების მსვლელობისას გიამბობთ.