დაველოდებით ვეტოს პროცედურას, 14-დან 28 მაისის ჩათვლით, შეუძლიათ, მოგვაწოდონ ნებისმიერი სამართლებრივი კომენტარი, შენიშვნა და მზად ვართ დისკუსიისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა
პრემიერის თქმით, ოპოზიციას არ აქვს არავითარი იმედი, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს და ამიტომ, ითხოვენ ამ კანონის ამოქმედების გადავადებას.
„გაიმარჯვონ და გააუქმონ. ნოემბერში უკვე შეუძლიათ ამ კანონის გაუქმება. თვითონაც იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა არის „ქართული ოცნების“ მხარეს. ხალხის მხარდაჭერა არის მათ შორის, ამ კანონის მხარეს. ამიტომ, არ აქვთ არავითარი იმედი, რომ შეუძლიათ, ამ არჩევნებში გამარჯვება და ამიტომ, ითხოვენ ამ კანონის ამოქმედების გადავადებას. სინამდვილეში, ერთადერთი ამოცანა უნდა ჰქონდეთ მათ – წარმოადგინონ სამართლებრივი არგუმენტები კანონთან დაკავშირებით – ნული არგუმენტი. ვერც ექნებათ ვერავითარი ობიექტური არგუმენტი ამ კანონთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც, ეს კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, წელიწადში ერთხელ ენჯეომ უნდა შეიტანოს თავისი დეკლარაცია, მეტი არაფერი არ წერია, დანარჩენი არის ტექნიკური ნორმები. ექვსი გვერდია სულ, აქედან ეს არის მთავარი რეგულაცია, დანარჩენი არის ამ ყველაფრის ტექნიკური შევსება. როდესაც მეტს არაფერს ითვალისწინებს ეს კანონი, როგორ შეიძლება, გქონდეს რაიმე არგუმენტი გამჭვირვალობის წინააღმდეგ. იმის წინააღმდეგ, რომ თავისი ფული საიდან მოაქვთ და სად იხარჯება, ის დაადეკლარირონ ენჯეოებმა, ამაზე ხომ ვერ იქნება ვერც ერთი სამართლებრივი არგუმენტი.
ჩვენ დაველოდებით ვეტოს პროცედურას, 14-დან 28 მაისის ჩათვლით, შეუძლიათ მოგვაწოდონ ნებისმიერი სამართლებრივი კომენტარი, შენიშვნა და მზად ვართ დისკუსიისთვის, დანარჩენს შევხედავთ“, - განაცხადა პრემიერმა.