ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ორმაგი სტანდარტისგან და სადაც დასაგმობია ძალადობა, ყველგან დაგმონ, განურჩევლად მათი პოლიტიკური სიმპათიებისა - ირაკლი კობახიძე

10 მაისი 2024, 23:39 304 ნახვა

ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ორმაგი სტანდარტისგან და სადაც დასაგმობია ძალადობა, ყველგან დაგმონ, განურჩევლად მათი პოლიტიკური სიმპათიებისა, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, მათ შორის, მოძალადეებზე ძალადობაც.

„ძალადობას პრინციპულად ვემიჯნებით ჩვენ, ყველა. თქვენ გახსოვთ ძალადობის აქტები, რომ ეს დაიწყო რამდენიმე კვირის წინ. პირველი გამოკვეთილი აქტი იყო ელისაშვილის ძალადობა, რაც არა მხოლოდ არ დაგმო არავინ, პირიქით, კონკრეტულმა იმავე ტელევიზიებმა, სხვა სუბიექტებმა პირდაპირ მოიწონეს შესაბამისი აქტი. ასეთი სახით შუქდებოდა კონკრეტული ძალადობრივი აქტი, საუბარი მაქვს სამ კონკრეტულ ტელევიზიაზე. ასევე, გახსოვთ ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და სხვების გამოხმაურებები, პირდაპირ იწონებდნენ, ღიად იწონებდნენ ამ ძალადობრივ აქტს. შემდეგ ეს ყველაფერი გაგრძელდა ჟურნალისტებზე ძალადობით, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური ძალადობით და მინდა, გავიხსენო, რომ ერთ-ერთ ჟურნალისტზე, POSTV-ს ჟურნალისტზე განხორციელდა ასეთი ფსიქოლოგიური ძალადობა, რამდენიმე ათეული, ასე ვიტყოდი პირდაპირ, ორკი, სხვა სახელი არ შეიძლება, მათ უწოდო, პირდაპირ თავს დაესხა 20 წლის ახალგაზრდა გოგონას და პირდაპირ მიდიოდა მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ერთ-ერთმა მუსიკოსმა, რომელიც ნიჭიერია თავის საქმეში, მაგრამ სხვა რამეში არ გამოადგა ნიჭი, ეს მოიწონა და გააზიარა, ანუ მოწონებით გააზიარა და მას ჰქონდა დაახლოებით, ზუსტად აღარ მახსოვს, ორი-სამი ათასი მოწონება, წარმოიდგინეთ და რომ ჩავყევი ამ სიას, ვინც მომხვდა, აქ იყვნენ, მაგალითად ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, აქ იყვნენ NGO-ების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები. ეს ხომ აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია.

 

შემდეგ გახსოვთ ხელოვანებზე და სპორტსმენებზე მიდიოდა პირდაპირი ე.წ. ბულინგი, პირდაპირ, დაახლოებით ათასი, ი ათასი მესიჯი მისდიოდათ, წარმოიდგინეთ, კოორდინირებული, ჩვეულებრივი ქოლ-ცენტრი ჰქონდათ შექმნილი და კონკრეტულ სპორტსმენებზე, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებზე იგზავნებოდა ტელეფონის თუ ფეისბუქის მეშვეობით ასეულობით მესიჯი, პირდაპირი ფსიქოლოგიური ძალადობა. ამასაც არავინ არ გაემიჯნა, პირიქით, ამას ყველაფერს იწონებდნენ.

 

ასევე, პოლიტიკოსებზე ფსიქოლოგიური ძალადობა, როდესაც მოღალატეს უწოდებ პოლიტიკოსებს და ასეთ ეპითეტებს იყენებ, გასაგებია, რასთანაც გვაქვს საქმე“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ორმაგი სტანდარტი არის აბსოლუტურად მიუღებელი.

„მინდა, გავიხსენო ის, რომ ამ ძალადობის აქტებს არ გამოხმაურებია, მათ შორის, არცერთი დიპლომატი. ძალიან შემაშფოთებელია ეს ყველაფერი. აღარაფერს აღარ ვამბობ „ენჯეოებზე,“ პოლიტიკოსებზე და ა.შ. კოლეგა ჟურნალისტებზეც კონკრეტული ტელევიზიებიდან. რა თქმა უნდა, ეს ორმაგი სტანდარტი არის მიუღებელი და ჩვენ პირველი განცხადებები ძალადობასთან დაკავშირებით მოვისმინეთ გუშინ თუ გუშინწინ, არ ვიცი, როდესაც მოძალადეებს შეეხო ძალადობა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, მათ შორის, მოძალადეებზე ძალადობაც არის მიუღებელი და რა თქმა უნდა, ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავოს ნებისმიერი ძალადობრივი აქტისგან, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს, რა თქმა უნდა, აქ არავითარი სხვაობა არ არის. ასევე, მნიშვნელოვანია ნებისმიერი ძალადობრივი აქტის გამოძიება. კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ორმაგი სტანდარტისგან და სადაც დასაგმობია ძალადობა, ყველგან დაგმონ, განურჩევლად მათი პოლიტიკური სიმპათიებისა. ელჩებს შეიძლება, ჰქონდეთ თავიანთი პოლიტიკური სიმპათიები, მაგრამ ძალადობა უნდა დაიგმოს პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად. ეს არის ჩემი მოწოდება და ჩემი თხოვნა ყველას მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში