ბოლო კვირებია, დაბლოკილია მსჯელობა, არის ტრაფარეტებით საკითხის გადაფარვა, რაშიც, სამწუხაროდ, ჩართული არიან უცხოელი აქტორებიც - პაპუაშვილი

10 მაისი 2024, 17:31 422 ნახვა

პრემიერის ღია წერილის მიზანია მიმართოს ახალგაზრდებს, რომ საკითხებს არ უნდა შეხედონ მხოლოდ ემოციებით, მნიშვნელოვანია შინაარსი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში დაბლოკილია მსჯელობა, არის ტრაფარეტებით საკითხის გადაფარვა, რაშიც,  უცხოელი აქტორებიც არიან ჩართული.

"ჩვენ რასაც ვაკვირდებით ბოლო კვირების განმავლობაში, არის ის, რომ დაბლოკილია მსჯელობა და დისკუსია, არის ტრაფარეტებით გადაფარვა საკითხისა, რომელშიც, სამწუხაროდ, უცხოელი აქტორებიც არიან ჩართული იმ მხრივ, რომ ნაცვლად იმისა, იყოს საღი დისკუსია საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე კვირაა, ჯიუტი მცდელობაა, არ შევიდეს ვინმე დისკუსიაში და მიეკეროს კლიშეები ამა თუ იმ ინიციატივას. საბედნიეროდ, საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს და ძალიან კარგად ერკვევა საკითხებში.

 

მეორე განზომილებაა, რომ ხდება ასე წარმოჩენა, თითქოს არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც შინაარსობრივად თუ ემოციურად ეხება ამ საკითხს. სინამდვილეში, ჩვენ თუ დავაკვირდებით გარკვეულ სტრუქტურას იმ პროტესტისა, რომელიც არის, ვნახავთ რამდენიმე აქტივისტის ჯგუფს. ესეც ცალკე გამოგონილი ტერმინია აქტივისტებისა, იმისთვის, რომ დააბნიონ საზოგადოება, თითქოს ამ აქტივისტების ჯგუფს არ აქვს პარტიული კუთვნილება. ამიტომ, მედიებს მოგიწოდებთ, რომლებიც არიან ლიდერები და ორგანიზატორები, მათ შორის იმ ძალადობრივი აქტივობებისა, „დაფიონი“, ჯიუტი“ და სხვა ჯგუფები, ვკითხოთ, რა არის მათი პოლიტიკური არჩევანი.

 

სინამდვილეში, ეს არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც თითქოს დისტანცირებული არიან პარტიებისგან, მაგრამ აქვთ პირდაპირი პარტიული დავალებები. ამიტომ, ამ წერილის მიზანი მე როგორც გავიგე, არის ის, მიმართონ ახალგაზრდებს, რომ საკითხებს არ უნდა შეხედონ მხოლოდ ემოციებით, მნიშვნელოვანია შინაარსი. მე მგონი, კარგად იყო გაშლილი, მათ შორის ეს საკითხი – ჩვენ, ემოციებს რომ ვყოფილიყავით აყოლილი, ასეთივე მიტინგები ტარდებოდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც თითქოს არჩევნები გაყალბდაო, ამბობდნენ. მაშინ გახსოვთ, ხელისუფლება, ფაქტობრივად, მარტო დარჩა. „ენჯეოებმა“ არჩიეს სიჩუმე. ისინი, ვინც არ იყვნენ ჩართული პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებაში, არჩიეს სიჩუმე. მათ შორის მეც პირადად მქონდა მაშინ შეხვედრები „ენჯეოებთან“. არ ჩაერივნენ ამ საკითხში. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა. მათ შორის დონორიც იყო ამ საკითხში ჩართული, პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში. მაგრამ სამწუხაროდ, ვნახეთ ეტაპი ერთთვიანი მღელვარებისა, რომელიც ზუსტად იმით, რომ ჩვენ ჯიუტად შინაარსზე ვიყავით კონცენტრირებული, გადავტეხეთ. ასე იყო 2022 წლის თებერვლის ბოლოს, როდესაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი. მაშინაც ზუსტად ასე ემოციებზე გამოიყვანეს გარკვეული ჯგუფი საზოგადოებისა. როდესაც არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, მაშინაც. ყოველ ჯერზე დადასტურდა, რომ ხელისუფლება და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იყო სწორ, შინაარსობრივ გზაზე. დადასტურდა, რომ ხელისუფლება და მოსახლეობის უმრავლესობა იყო მართალი. უმცირესობა კი, რომელიც მაშინ ემოციურ აქციებს ატარებდა – გაუშვით ქართველი მებრძოლები უკრაინაში სახელმწიფო თვითმფრინავით, გადადგეს მთავრობა და „ენჯეოებმა“ დააკომპლექტონ მთავრობა, გაყალბდა არჩევნები – ყველა ეს ლოზუნგი კვლავ ჩაგვესმის ყურში, რაც მაშინ ზუსტად ასეთი ტიპის აქციებიდან ისმოდა.

 

აღმოჩნდა, რომ ყველა ამ შემთხვევაში იყო მცდარი ის ემოციური მოსაზრებები, რაც მაშინ იყო, არადა საჭირო იყო ხუთი წუთი დაფიქრება მხოლოდ შინაარსში, რას ნიშნავდა სამხედროების გაგზავნა სახელმწიფოს თვითმფრინავით,  რომ ეს ნიშნავდა პირდაპირ ომში შესვლას რუსეთთან. საჭირო იყო ხუთი წუთი დაფიქრება იმაზე, რას ნიშნავს, როდესაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი „ენჯეო“ ითხოვს, მთავრობა მან დააკომპლექტოს. საერთოდ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე და რა ჩარევასთან გვაქვს საქმე შიდა საქმეებში, ხუთი წუთი დაფიქრება ხანდახან საჭიროა.

 

მთავარი გზავნილი ამ წერილის არის, რომ დავფიქრდეთ, შევიდეთ შინაარსში. ეს არის მთავარი, რადგან ადვილია, ვიღაცები ემოციებს ააყოლონ და ეს არაერთხელ გამოსვლიათ სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა საზოგადოებაში. სწორედ ასე, ახალგაზრდულ ენერგიას და ემოციას იყენებენ ისინი, ვინც უკანა რიგებში არიან. დააკვირდით თუნდაც ამ აქციებს. ის პოლიტიკოსები არ ჩანან ხოლმე ტელეეკრანებზე, მაგრამ იქ არიან ყოველთვის, უკანა რიგებში. ისინი არიან, ვინც იძლევიან ბრძანებებს, რათა წინ წაწიონ ახალგაზრდა, ენერგიით სავსე ადამიანები, თავად შემდეგ აამღვრევინონ წყალი და ამღვრეულ წყალში ისარგებლონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, დღემდე არ მოუსმენია არც ერთი დონორის ბოდიში ან მოწოდება საკუთარი NGO-ს მიმართ და არც ერთი საელჩოსი, რომლის დაფინანსებული NGO-ებიც მოუწოდებენ ისეთი ქმედებებისკენ, რაც იწვევს ძალადობას.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში