სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღასრულოს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია შესრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და საგამოძიებო ორგანომ დაადგინოს აქციის დაშლისას მოვლენების სრულყოფილი სურათი და შეაფასოს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.
ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ სტრასბურგი თავის გადაწყვეტილებაში სახალხო დამცველის სპეციალურ და საპარლამენტო ანგარიშებში ასახულ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე მიუთითებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ შეკრების დაშლისას რეზინის ტყვიების გამოყენებისა და მომიტინგეებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტების არაეფექტიანი გამოძიების გამო კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევა დაადგინა.
ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 26 პირის საქმეზე მიიღო, მათგან 22-ის ინტერესებს საია იცავდა.