დღეს ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ერმა არაერთი რთული პერიოდი გამოვიარეთ. გავიარეთ თავისუფლებისთვის ბრძოლის, სამოქალაქო ომების, ოკუპაციის, ეკონომიკური კოლაფსის, ავტოკრატიული მჩაგვრელი რეჟიმის ურთულესი პერიოდები. დღეს, მსოფლიოში დრამატული მოვლენები ვითარდება, მიმდინარეობს ომები ახლო რეგიონში, თავად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ამიტომ ჩვენი მიზანი და მთავარი ამოცანა სწორედ მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფაა. დღეს ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.
ქართველებმა კარგად ვიცით ომის ფასი და ასევე კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, ჩვენ კარგად გვესმის თუ რა მოაქვს ომს, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის. ბოლო წლებში ამ ურთულეს დროში არაერთი პროვოკაციის, დესტაბილიზაციის და რევოლუციების მცდელობის მიუხედავად ჩვენ შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა. პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა ქვეყანაში, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სწორედ დიდი ილია ჭავჭავაძის შეგონების ერთგულნი ვართ და მტკიცედ ვიცავთ მთავარ პრინციპს, რომ „ჩვენი თავი ჩვენად უნდა გვეყუდნოდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების და გლობალური საფრთხეების ეპოქაში ვიმყოფებით.
„აშკარაა, რომ მსოფლიო წესრიგი იცვლება და ხვალინდელი სამყარო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო გუშინ. ამ ვითარებაში უნიკალური ქართული გამოცდილების არსი სწორედ ის არის, რომ ჯერ, პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვათ და ყველას შევახსენოთ, რომ ახალი წესრიგი თანასწორობას, მშვიდობისკენ სწრაფვას და ყველა ერების უნიკალურობისა და თვითმყოფადობის პატივისცემას უნდა დაეფუძნოს. ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ქვეყნის შიგნით მოქმედი მტრული ძალების, მტრული აქტორების მეშვეობით ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ფსევდოლიბერალური ღირებულებები, ისინი ებრძვიან ჩვენს ტრადიციულ, ქართულ, ოჯახურ ღირებულებებს, ქართველი ხალხის მჩაგვრელი კრიმინალების დაბრუნებას ცდილობენ ხელისუფლებაში.
მინდა, ვთქვა, რომ ამ ადამიანებს არ ესმით მთავარი, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ იცავს მთავარ ქრისტიანულ ღირებულებებს. მთავარ ფასეულობებს ეფუძნება ჩვენი ქვეყნის ისტორია და ეს ფასეულობები ყოველთვის საფუძვლად ედო ქართულ იდენტობას და აერთიანებდა ჩვენს ძლიერ ერს. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ უძველესი, პატარა ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმპერიებისა და ცივილიზაციების შეჯახების ეპიცენტრში მყოფი გადაურჩა აი ამ რთულ გამოწვევებს. იმ ქარტეხილებს, რომლებსაც არაერთი დიდი თუ ძლევამოსილი იმპერია გაანადგურა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.