დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რათა ჩვენი ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ყველას ვაჩვენოთ, რომ საკუთარ ღირსებას, სუვერენიტეტს და თავისუფლებას ბოლომდე დავიცავთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები ჩვენს ღირსეულ, პატრიოტ მოქალაქეებს, ჩვენს თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს და, რა თქმა უნდა, ამ მიწაზე მცხოვრებ თითოეულ თანამოქალაქეს. ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ დღეს აქ შეკრებილ საზოგადოებას, ვისთვისაც ხელშეუვალია ღირებულებები, რომელიც უკავშირდება ღირსებას, თავისუფლებას და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. დღეს მახსენდება 2012 წელი, როდესაც თქვენ, ჩვენ და ქართველმა ხალხმა სწორედ აქ, თავისუფლების მოედანზე აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ დემოკრატიულ, თავისუფალ, სუვერენულ და მშვიდობიან საქართველოში სურს ცხოვრება და ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ხალხმა ქვეყანა ანტიეროვნული, მჩაგვრელი და მოღალატე რეჟიმისგან გაათავისუფლა. დღეს აქ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რათა ჩვენი ქვეყნის შიგნით თუ ჩვენი ქვეყნის გარეთ ყველას ვაჩვენოთ, რომ საკუთარ ღირსებას, სუვერენიტეტს და თავისუფლებას ბოლომდე დავიცავთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.