დაჯგუფება „ჰამასმა“ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ისრაელიდან 7 ოქტომბერს გატაცებული ორი მძევალი ჩანს. ესენი არიან კიტ სიგელი და ომრი მირანი. მძევლების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ეს ვიდეოჩანაწერი დასტურია იმისა, რომ ისინი ცოცხლები არიან და ისრაელის მთავრობამ მძევლების გათავისუფლებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.
ვიდეო სწორედ მაშინ გამოქვეყნდა, როდესაც ჰამასმა განაცხადა, რომ შეისწავლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის შემხვედრ წინადადებას.
პარალელურად ისრაელის სხვადასხვა ქალაქში ათასობით ადამიანმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია, ისინი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასა და მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ.