საპატრიარქოს ყოველთვის აქვს ჩვენი ერის პულსზე ხელი დადებული და კარგად გრძნობს იმ განწყობას და საფრთხეებს, რომელიც ქვეყანაშია. ისინი ყოველთის მოუწოდებენ საზოგადოებას სწორი პოზიციის დაკავებისკენ, - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საპატრიარქოს წერილთან დაკავშირებით განუცხადა.
„ჩვენი საზოგადოების 85% არის მართლმადიდებელი ქრისტიანი. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა რელიგიას, სარწმუნოებას, ჩვენ ვართ მრავალეთნიკური საზოგადოება, მაგრამ, წამყვანი რელიგია არის მართლმადიდებლური ქრისტიანობა. ამან ჩვენი ხალხი და ქვეყანა მოიყვანა დღემდე. ეს ჭეშმარიტებაა. ჩვენს საპატრიარქოს და ჩვენს ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა სწორი პოზიცია იმიტომ, რომ ისინი იცავენ ჭეშმარიტებას, იცავენ სიმართლეს და ყოველთვის მოუწოდებენ საზოგადოებას სწორი პოზიციის დაკავებისკენ. გუშინდელი განცხადება, რომელსაც მე გავეცანი, მორიგი ასეთი სიმართლის განცხადება იყო. მივესალმები ამ განცხადებას, მის შინაარსსა და პათოსს.
საზოგადოებას დღეს სჭირდება სიმშვიდე, გონიერება და აუცილებელია მშვიდად, მტკიცედ გავიაროთ ეს პატარა განსაცდელი, რომელიც ახლაა ქვეყანაში. ზოგადად მთელს მსოფლიოსა და რეგიონში ძალიან რთული ვითარებაა. არ შეიძლება ამის ლოკალიზება, დაყვანა ვიწროპარტიულ გაუგებრობებზე. აქ საუბარი არ არის, რომ რადიკალურ ოპოზიციას დღის წესრიგი აქვს და ჩვენ გვიპირისპირდება რაღაცების გამო. აქ საუბარია ქვეყნის გადარჩენა-არგადარჩენაზე. ღმერთმა დაიფაროს, ქვეყანაში რამე რომ შეცვლილიყო, ქვეყანა აღარ გვექნებოდა. ორი, ამ სამი წლის წინ რომ მიეღწიათ წარმატებისთვის, მოეხდინათ გადატრიალება, ქვეყანა დღეს აღარ გვექნებოდა. აქ რუსული ჯარი იქნებოდა შემოსული დღეს და ომი და უბედურება იქნებოდა. ეს ხომ კარგად ვიცით. სააკაშვილის მიზანი რა იყო - რევოლუცია. რამდენიმე თვეში დაიწყო უკრაინაში ომი და ამ ომის გადმოტანა უნდოდათ ქვეყანაში. ეს კარგად ვიცით. კარგად იცის საზოგადოებამ, საპატრიარქომ, რადგან ეკლესიას ყოველთვის აქვს ჩვენი ერის პულსზე ხელი დადებული და კარგად გრძნობს იმ განწყობას და საფრთხეებს, რომელიც ქვეყანაშია. ამიტომაა საჭირო სიმშვიდე, გონიერება და სიმტკიცე“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.