პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო უძრავი ქონების კვირეულის ოფიციალურ გახსნაში. ლევან დავითაშვილმა საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯიაში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას დეველოპერული და სამშენებლო სექტორების ზრდა-განვითარების მნიშვნელობასა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესში მათ როლზე ისაუბრა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სექტორის განვითარება, ის პირდაპირაა დაკავშირებული ეკონომიკურ ზრდასთან, საკმაოდ ინკლუზიურია და მასში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ ბევრი ჯგუფია ჩართული. დეველოპერულ და სამშენებლო სექტორს ასევე დიდი როლი აქვს ქვეყნის სივრცითი განვითარების კუთხით. ხარისხიანი სამშენებლო სექტორი საშუალებას მოგვცემს, მეტი დამატებითი ღირებულება შეიქმნას დეველოპერების მიერ, მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ქვეყანაში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
უძრავი ქონების კვირეული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც „ექსპო ჯორჯიასა“ და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის (GNARE) მიერ ორგანიზებული. კვირეულის ფარგლებში სამი ღონისძიება იმართება: უძრავი ქონების გამოფენა; სამშენებლო გამოფენა – Caucasus Build და უძრავი ქონების ფორუმი. კვირეულში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო“ და სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“ მონაწილეობენ, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მათი გაერთიანებული სტენდი დაათვალიერეს.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, კვირეული სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უახლოესი ტენდენციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ როგორც ადგილობრივ საზოგადოებას, ისე პოტენციურ ინვესტორებს – საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ, შედგეს კომერციული გარიგებები და საქმიანი კონტაქტები დამყარდეს.
ლევან დავითაშვილმა გამოსვლაში აქცენტი გააკეთა ზოგადად საქართველოს ეკონომიკის ზრდის არსებულ ტენდენციებზე, მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით. მისი ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ინვესტიციები ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო, ასევე ძალიან მაღალ ნიშნულზეა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში – ბოლო სამ წელიწადში 5.5 მლნ აშშ დოლარის მოცულობით.
„ამ დადებით ეკონომიკურ ტენდენციებს ჩვენ მიმდინარე წელსაც შევინარჩუნებთ. ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა არის საკმაოდ სტაბილური, მდგრადი და ეს არის იმის წინაპირობა, რომ გრძელვადიან განვითარებაზე გვქონდეს აქცენტი. წელს პირველი კვარტლის მონაცემებით, შევინარჩუნეთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, თებერვალში მშპ-ს ზრდა 9.5 % იყო. ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდა 2024 წელსაც დაგეგმილზე მაღალი უნდა იყოს, ამას ადასტურებს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჩვენი პროგნოზი 6.3%-ით განსაზღვრა, რაც ყველაზე მაღალია არამარტო რეგიონის, არამედ ევროპის და უფრო ფართოდ რეგიონის ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ეკონომიკის სამინისტროს როლზე სექტორის შემდგომი, სტაბილურად განვითარებისა და კონკურენტული გარემოს არსებობის მიზნით გატარებულ რეფორმებსა და მარეგულირებელი გადაწყვეტილებებზე.
მისივე ინფორმაციით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკოდების დანერგვაზე – მიმდინარე და მომავალ წელს უნდა დასრულდეს ევროკოდების ადაპტაცია საქართველოში და გარდამავალი პერიოდის შემდეგ ქვეყანა სრულად უნდა იყოს თანხვედრაში ევროპის მოთხოვნებთან უფრო ხარისხიანი, მდგრადი და გამძლე შენობა-ნაგებობების მხრივ. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, მშენებლობის სექტორში გავრცელებული სამშენებლო მასალების, მშენებლობის პრაქტიკის და ევროკოდების დანერგვისთვის მიმდინარეობს ასევე ევრონორმების იმპლემენტაციის პროცესის კოორდინაცია. სამინისტრომ უკვე დაასრულა შენობა-ნაგებობების მიმართ ინსოლაციის მოთხოვნებზე მუშაობა, მომზადდა ევროპული სტანდარტის შესაბამისად რეგლამენტი. ასევე, ეკონომიკის სამინისტრომ დაასრულა შენობა-ნაგებობების მიმართ ინსოლაციის მოთხოვნების შემუშავება, ჩამოყალიბდა არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების სისტემა და ა.შ.
"მასტიმულირებელი ღონისძიებები, რომლებიც ზოგადად უძრავი ქონების ბაზარს დაეხმარება, კიდევ გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს გარკვეული მონახაზები, რომლებიც გვინდა, მიმდინარე წელს გამოვიყენოთ, რომლებიც, ერთი მხრივ, პირდაპირ კავშირშია სექტორის განვითარებასთან, მეორე მხრივ კი, ეკონომიკურ ზრდასთან“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.