აზერბაიჯანში მოქმედმა ილია ჭავჭავაძის სახელობის კახის სახელმწიფო ქართულმა დრამატულმა თეატრმა რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე სპექტაკლი „დაცემული ანგელოზის უკანასკნელი თავშესაფარი“ წარადგინა. საზეიმო საღამო კახის სახელმწიფო ქართული დრამატული თეატრისათვის ილია ჭავჭავაძის სახელის აღდგენას მიეძღვნა. სპექტაკლი არის ამბავი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების შესახებ, რომელთაც საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება უჭირთ. მათი ბრძოლა სიმართლისა და გადარჩენისთვის მაგალითი ხდება ყველასთვის. კახის ქართული თეატრი სპექტაკლებს მართავს ქართულ ენაზე და პოპულარიზაციას უწევს ქართულ კულტურას.